Thumbnail

ბრაზილია მზადაა! ნეიმარმა და კომპანიამ მუნდიალის წინ კლასი ავსტრიას უჩვენეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ავსტრია 0:3 ბრაზილია
  • ტიტეს გუნდმა ვენაში გაბრიელ ჟეზუშის, ნეიმარისა და ფილიპე კოუტინიოს გოლებით მოიგო
  • 4 მატჩში 9 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი - ბრაზილია რუსეთში ამაყად მიდის

ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალის წინ ამხანაგური მატჩი სტუმრად ავსტრიაში ჩაატარა და თავისი სუპერტრიოს გოლების წყალობით, მარტივად გაიმარჯვა კიდეც. მოედანზე ცოტა ხნის დაბრუნებულმა ნეიმარმა, რომელიც ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო, განსაკუთრებით ეფექტური გოლი გაიტანა, თუმცა, მთავარი სხვა რამაა - ტიტეს გუნდი მუნდიალისთვის სრულებით მზადაა და ეს ფაქტია! 

აქვე საინტერესო ისტორიული პარალელი...

"სელესაომ" მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გამართული ოთხივე საკონტროლო მატჩი მოიგო - მანამდე რუსეთთან (3:0), გერმანიასთან (1:0) და ხორვატიასთან (2:0), ჯამში გაიტანა 9 გოლი, კარი კი "მშრალად" შეინახა. 

ვენაში, "ერნსტ ჰაპელზე" თამაში კი საკმაოდ საინტერესოდ, ტემპში წარიმართა. ავსტრიელები ყველანაირად ცდილობდნენ იმის ჩვენებას, რაოდენ ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, აი, ბრაზილიელები კი დაძაბვის გარეშე აგორებდნენ ბურთს. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა შესვენებამდე გატანა მაინც სტუმრებმა მოახერხეს. 

36-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუშმა მახვილი კუთხიდან ჩაახვია. მარსელომ დაახლოებით 40 მეტრიდან უძლიერესად დაჰკრა, ბურთი ერთ-ერთ ავსტრიელს მოხვდა და ამის შემდეგ მიუვიდა ის უმეთვალყურეოდ მყოფ მანჩესტერ სიტის თავდამსხმელს. საკამათო საკითხი ისაა, უნდა დაეფიქსირებინა თუ არა იმ მომენტში მატჩის არბიტრს თამაშგარე...

მეორე ტაიმში ავსტრიის ნაკრებს თითქოს ძალა გამოელია და ისე ჩანდა, რომ ფრანკო ფოდას შეგირდებიც უფრო შემთხვევითობისა თუ განზრახ უხეშობის ხარჯზე ცდილობდნენ მატჩის ბედის შემოტრიალებას. ბრაზილიელები გაცილებით მხნედ გამოიყურებოდნენ - აკეთებდნენ იმას, რაც სურდათ და ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო. 

ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალისთვის მზადება კარგ ხასიათზე დაასრულა

მაგრამ იყო კიდევ 2 გოლი. 63-ე წუთზე ვენაში შეკრებილ გულშემატკივარს კლასი ნეიმარმა უჩვენა - ვილიანის პასის შემდეგ, ეფექტური ფინტით ჯერ ძირს "დასვა" მცველი, მერე კი მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუტარა. პსჟ-ის ლიდერს გაზაფხულზე გადატანილი ოპერაცია და რეაბილიტაცია მგონი სრულებით დავიწყებული აქვს…

26 წლის ნეიმარმა ნაკრების მაისურით 55-ე გოლი შეაგდო და ამ მაჩვენებლით ეროვნულ გუნდში რომარიოს გაუთანაბრდა. მათზე მეტი მხოლოდ რონალდოსა და პელეს აქვთ გატანილი.

69-ე წუთზე უკვე ფილიპე კოუტინიოს ჯერი დადგა, რომელმაც “კედელი” რობერტო ფირმინოსთან გაითამაშა, შეირბინა მასპინძელთა საჯარიმოში და ბურთი შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

ეს ბრაზილიის ნაკრების ბოლო სპარინგი იყო რუსეთში გამგზავრების წინ. "სელესაო" მუნდალზე პირველ შეხვედრას 17 ივნისს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს და ვნახოთ.

ავსტრიის ნაკრებმა ბრაზილიასთან მარცხით მოგებათა 7-მატჩიანი სერია შეწყვიტა, საკუთარ მოედანზე კი 2016 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები