Thumbnail

პირველი კონტრაქტი და მამის ნომერი - რონალდოს შვილი იუნაიტედის U12 გუნდში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდო უმცროსმა მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი გააფორმა
  • პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის 11 წლის შვილიც მე-7 ნომრით ითამაშებს

კრიშტიანო რონალდოს შვილმა, კრიშტიანო რონალდო უმცროსმა მანჩესტერ იუნაიტედთან თავისი პირველი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შვილი მანჩესტერული გრანდის 12-წლამდელთა გუნდის წევრი გახდა.

მამის მსგავსად, უმცროსი რონალდოც 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. აქამდე ის მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიაში ირიცხებოდა, უფრო ადრე კი, ტურინის იუვენტუსის აკადემიაში იყო, რადგან უფროსი რონალდოც იქ თამაშობდა.

ცნობილია, რომ CR7-ის შვილიც დიდ საფეხბურთო კარიერაზე ოცნებობს. რონალდოს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ბავშვზე გავლენის მოხდენა არასდროს უცდია და მან თვითონ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელობა სურს.

“100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემნაირი ფეხბურთელი გახდება. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვასწავლი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი თვითონ უნდა გადაწყვიტოს. რასაც არ უნდა აკეთებდეს, ჩემი მხარდაჭერა არასდროს მოაკლდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს და დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ვფიქრობ, ამისათვის ყველა მონაცემი ხელს უწყობს.” - ეს კრიშტიანოს სიტყვებია.

ცოტა ხნის წინ, რონალდომ შვილთან ურთიერთობის დეტალებზეც ისაუბრა: "ის გამუდმებით მეკითხება, როდის ვუყიდი მობილურ ტელეფონს. მე კი ყოველთვის ვპასუხობ: "მოვა დრო და ის გექნება". საჭიროა, ბავშვებს გარკვეული დროით მივცეთ ტელეფონი, მაგრამ არა მუდმივად და მეც ზოგჯერ ვაძლევ უფლებას, გამოიყენოს ჩემი ტელეფონი, ოღონდ, არა ყოველთვის. მართალია, ეს თაობა ჩვენსაზე ნაბიჯით წინაა და უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები, მაგრამ არ უნდა იყოს ამით შეპყრობილი", - აღნიშნა კრიშტიანომ იანვრის ბოლოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები