Thumbnail
  • ნიკოლოზ ნარმანიას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია
  • ახლა, ის მინდორზე რუსეთის ეროვნული გუნდის მაისურით გავა

რუსეთის სარაგბო ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დიკ მუირმა მომავალ უქმეებზე ესპანეთთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ვგებულობთ, რომ “დათვების” რიგებში დებიუტი ექნება ქართველ პირველხაზელ ნიკოლოზ ნარმანიას.

სამხრეთაფრიკელმა სპეციალისტმა ფრანგული კარკასონის 21 წლის ბურჯი იანვარში გაფართოებულ შეკრებაზე გამოიძახა, როგორც სჩანს, მისი მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა და ახლა, პრინციპული თამაშისთვის რაზმშიც დაასახელა. ნიკოლოზი თადარიგში იქნება და სავარაუდოა, რომ მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდება.

ცნობისთვის, ნარმანია 2019-2020 წლების სეზონში არმაზში თამაშობდა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიც იყო, ფრანგულ კლუბში კი უკვე მე-3 წელია ირიცხება. ამ ფონზე, მისი გადაწყვეტილება ძალები რუსეთის ეროვნულ გუნდში მოესინჯა, თავიდანვე გასაკვირი გახლდათ.

საინტერესოა, რომ ესპანეთთან მატჩში ძირითად XV-ში იქნება ქართული ფესვების მქონე კიდევ ერთი მორაგბე ნიკოლაი კაზალიკაშვილი. ყაზანური სტრელას პირველხაზელმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში რუმინეთთან წაგებულ მატჩშიც (25:34) პირველივე წუთებიდან ითამაშა და როგორც სჩანს, მუირის გუნდში სასტარტო ბურჯად მოიაზრება.

რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი შაბათს, 12 თებერვალს სოჭშია დაგეგმილი და “დათვებს” ფაქტობრივად ბოლო შანსი აქვთ, რათა 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურებისთვის მებრძოლ გუნდებს შორის დარჩნენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2 წლის ჯამურ ცხრილში რუსეთი 9 ქულით მე-5 ადგილზეა და უკვე საგრძნობლად ჩამორჩება რუმინეთს (18), ხსენებულ ესპანეთსა (17) და პორტუგალიას (16), ლიდერ საქართველოს (26) დაწევაზე კი, საუბარიც ზედმეტია.

შეგახსენებთ, რომ ჯამური შედეგებით ტურნირის 2 საუკეთესო ნაკრები მსოფლიო თასის საგზურს ავტომატურად მიიღებს, მესამეადგილოსანი კი დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე აფრიკა 2-ს, ამერიკა 3-სა და აზია-ოკეანეთი 2-ს შეხვდება.

Состав «медведей» на противостояние с Испанией 🏉 Отметим, что в заявку на игру вошел форвард французского «Каркассона» Николоз Нармания, который может дебютировать в составе сборной России.

Posted by Федерация регби России on Thursday, February 10, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები