Thumbnail

საკუთარ არენაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვებით იუტამ დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო ოთხეულში პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა. პლუს, ეს ერთი რიგითი გამარჯვება ნამდვილად არ იყო - ჯაზმა გოლდენ სტეიტს მოუგო და თანაც, ძალიან დამაჯერებლად - 111:85. მიუხედავად რუდი გობერის არყოფნისა, იუტას წარმატების საიდუმლო ამჯერადაც კარგი დაცვა გახლდათ.

პირველ რიგში ეს ჰასან უაითსაიდის დამსახურებაა, რომელმაც 9 ქულასთან ერთად 17 მოხსნა შეასრულა და 7 დაფარება (!) ჰქონდა. ჯორდან კლარკსონს (13) და ტრენტ ფორესტს (11) დიდი წვლილი მიუძღვით იუტას 29:7 გაქცევაში, რაც 58:58-ზე მოახერხეს.

გოლდენ სტეიტი შეტევაში ძალიან სუსტი იყო, თვით სტეფ კარიც კი - 16 ქულა, 5/13, 7 მოხსნა. მართალია, უორიორსს კლეი ტომპსონის (პაუზა), ანდრე იგუდალას და დრეიმონდ გრინის სახით მნიშვნელოვანი მოთამაშეები აკლდა, მაგრამ შეტევაში ასეთი სუსტ თამაშს სტივ კერის გუნდისგან მაინც არავინ ელოდა. უორიორსიდან საუკეთესო ჯორდან პული გახლდათ - 18 ქულით.

ასე დასრულდა გოლდენ სტეიტის 9-მატჩიანი მოგებათა სერია და თანაც, ამავდროულად, ეს უორიორსისთვის ყველაზე დიდი სხვაობით მარცხია მიმდინარე სეზონში.

იუტადან ქულების ყველაზე ბეჯითი შემგროვებელი ბოიან ბოგდანოვიჩი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. დონოვან მიტჩელი 14 ქულაზე, 10 მოხსნასა და 8 პასზე ავიდა. როგორც ხედავთ, სამმაგ დუბლამდე 2 ასისტი დააკლდა და ეს რომ მოეხერხებინა, იუტას პირველი კალათბურთელი გახდებოდა ბოლო 14 წელიწადში (!), რომელმაც რეგულარულ სეზონში სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო. ბოლოს ეს კარლოს ბუზერმა შეძლო - 2008 წელს, სიეტლ სუპერსონიქსთან. პლეი ოფში კი ბოლო სამმაგი დუბლი იუტას ფორმით რიკი რუბიოს აქვს შესრულებული - 2018 წელს, ოკლაჰომასთან, პირველი რაუნდის მესამე მატჩში.

გოლდენ სტეიტს 55 მატჩის შემდეგ 41 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს - უორიორსი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ფინიქსს (44-10) ჩამორჩება. იუტა ჯაზი 34 მოგებითა და 21 წაგებით მე-4 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები