Thumbnail
  • ბრატისლავას სლოვანის საიტმა ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა
  • 34 წლის მცველმა ნაკრებზე, კანკავაზე და ხელიდან გაშვებულ შანსზეც ისაუბრა

გურამ კაშიამ ბრატისლავას სლოვანის პრესსამსახურს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საკითხთან ერთად, საქართველოს ნაკრებზეც ესაუბრა. გამოცდილმა მცველმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, შემდეგ წლების განმავლობაში იყო არნემის ვიტესის კაპიტანი, ოთხი წელი კი MLS-ის "სან ხოსეში" გაატარა. სლოვაკეთში გადაბარგებამდე თბილისის ლოკომოტივში ითამაშა, სლოვანში კი, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი მუშაობს, ჯაბა კანკავასთან ერთად გასულ ზაფხულს გადაბარგდა. 

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვანში ერთად გამოდიან

ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომლის მაისურით ჩატარებული 100 მატჩი დაუგროვდა. "100-იანთა კლუბამდე", რომელშიც ლევან კობიაშვილიც არის, ბევრი აღარ უკლია გურამ კაშიას - სულ 8 მატჩი.

"ნაკრებში 92 მატჩი მაქვს ჩატარებული. მრჩება კიდევ 8 და ამის შემდეგ საქართველოში ლეგენდა ოფიციალურად გავხდები (ეღიმება). ჯაბა უკვე ამ კლუბშია, 100-აინ ზღვარს მიაღწია. ნაკრებში 8 თამაშის ჩატარებისთვის სულ ცოტა წელიწადია საჭირო და მჯერა, რომ ამას შევძლებ. ჩემით ოჯახიც იამაყებს", - ამბობს 34 წლის ფეხბურთელი. 

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი აწ უკვე ყოფილ კაპიტანთან ჯაბა კანკავასთან ურთიერთობაზეც საუბრობს:

"ორივე კაპიტნები ვართ. ჯაბა ნომერ პირველია, ის უფროსია და პატივს ვცემ. როდესაც ნაკრები აგებდა, რაც არცთუ იშვიათად ხდებოდა, კამერების წინ გამოსვლა ყოველთვის მე მიწევდა (ეღიმება), მაგრამ ამასთან დაკავშირებით მე პრობლემა არ მაქვს. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვხელმძღვანელობდით გუნდს და არასდროს დაგვჭირვებია იმის გარკვევა, ვინ პირველია და ვინ მეორე კაპიტანი".

გურამ კაშია აქამდე ვერ ივიწყებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფში წაგებას, რომლის გამოც საქართველომ ხელიდან ისტორიული შანსი გაუშვა: 

"ვლადიმირ ვაისი მართლაც გასაოცარი პიროვნებაა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მისი ხელმღვანელობით წაუგებლად დიდი გზა გავიარეთ, მოვიგეთ ერთა ლიგის ჯგუფი... ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე და ასეთი მატჩების გამოცდილება დაგვაკლდა. ეს ჩემს კარიერაში შავი ლაქაა. აქამდე ვწუხვარ იმის გამო, რომ იმ პერიოდში თბილისის ქუჩებში პოლიტიკურ დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, სტადიონზე კი გულშემატკივრების მიყვანის უფლება ხელისუფლებამ არ მოგვცა და ეს მხარდაჭერა დაგვაკლდა. მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება, მომავალში უნდა ვიყუროთ".

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას ცარიელ დინამო არენაზე უმასპინძლა

ბრატისლავას სლოვანს ფორტუნა ლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. გუნდი უახლოეს შეხვედრას 12 თებერვალს, სენიცასთან ჩაატარებს. გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატში 13 მატჩში ითამაშა, ჯაბა კანკავამ - 17-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები