Thumbnail

ინდიანა პეისერსის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში სასტარტო ხუთეულში მეოთხედ ითამაშა, რითაც კარიერის რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ გოგა ინდიანელთა ღირსებას უკვე მე-3 წელია იცავს, თუმცა, სასტარტოში პირველ სეზონში მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა, მეორეში კი – 3-ჯერ.

პეისერსი ამჯერად ატლანტა ჰოუქსს ესტუმრა, პირველ მეოთხედში 40 ქულა გაუშვა, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 26 ქულით აგებდა და ცხადია, წარმატების შანსი აღარ ჰქონია - 112:133. გოგამ მოედანზე 30 წუთი გაატარა და 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება (მიმდინარე სეზონის რეკორდის გამეორება) მიითვალა.

22 წლის ქართველმა ცენტრმა 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანამ ატლანტაზე 6 ქულით ნაკლები ჩააგდო და ეს, სტუმართა რიგებში მე-2 მაჩვენებელი გახლდათ.

აქვე ვთქვათ, რომ პეისერსში 25 ქულით საუკეთესო კრის დუარტე იყო, ლენს სტივენსონმა კი 24 ქულას 9 მოხსნა და 8 პასი წაამატა და სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. სტუმრებმა ვერაფრით შეაჩერეს ჰოუქსის ვარსკვლავი ტრეი იანგი, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო და 34 ქულა და 11 პასი მიითვალა.

გოგა ბითაძეს სასტარტო ხუთეულისკენ გზა მას მერე გაეხსნა, რაც პეისერსმა ლიეტუველი მძიმე ფორვარდი დომანტას საბონისი საკრამენტო კინგსში დაატრეიდა, ამერიკელი ცენტრი მაილს ტერნერი კი კვლავაც ტრავმირებულია. ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონში ქართველი კალათბურთელის როლი საგრძნობლად გაიზრდება.

ინდიანამ აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგების წილ 37-ე მარცხი განიცადა და მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 13 თებერვლის დილას შინ კლივლენდ კავალიერსთან ჩაატარებს.


დღეს დილით მოედანზე მხოლოდ 27 წამი გამოჩნდა მილუოკი ბაქსის ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი (გასაკვირი არაა, რომ ვერაფერი მოასწრო), მისმა გუნდმა კი ლოს ანჯელეს ლეიკერსს 131:116 სძლია.

ბაქსის ზედიზედ მე-4 გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ბერძენმა ვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ შეიტანა, რომელმაც თამაშიდან 20-დან 17 სროლა გამოიყენა და 44 ქულა, 10 მოხსნა, 14 პასი და 8 პასი მიითვალა.

მილუოკი 35 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ მაიამი ჰითს ჩამორჩება, შემდეგი შეხვედრა კი 12 თებერვლის დილას ფინიქსში სანსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები