Thumbnail
  • ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელი სერხიო რამოსის სიტყვებს გამოეხმაურა
  • სალაჰი იმედოვნებს, რომ მუნდიალის პირველ მატჩში თამაშს შეძლებს

ლივერპულისა და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა კომენტარი გააკეთა ტრავმაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში რეალთან მიიღო. სალაჰი სერხიო რამოსთან ორთაბრძოლისას უხერხულად დაეცა, მხარი იტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აქამდე მკურნალობს და უცნობია, შეძლებს თუ არა ნაკრების დახმარებას მუნდიალის პირველ მატჩში.

რამოსის ვაკი-გატამე | სერხიომ ალვეშიც ზუსტად ისე დააგდო, როგორც სალაჰი

სკანდალურ ეპიზოდზე რამდენიმე დღის წინ სერხიო რამოსმა ილაპარაკა, სადაც თავის უდანაშაულობას ხაზი გაუსვა.

► 'როდესაც რამოსზეა საუბარი, ყველაფერი სხვანაირად ჩანს' - სერხიო რამოსი ინციდენტებს გამოეხმაურა

მოჰამედ სალაჰმა კი ახლახან რამოსის სიტყვებს სასაცილო უწოდა.

"არ ვიცი, შეიძლება თუ არა რამოსის ილეთი ჩვეულებრივ სათამაშო ეპიზოდად შევაფასოთ. შესაძლოა, ასეც იყოს. უცნაური ისაა, რომ ის ფიქრობს, თითქოს მე პირველმა ჩავავლე ხელი და ტრავმა დაცემისგან მივიღე. სასაცილოა. 
 
მან თქვა, რომ შემეძლო მატჩი ჩამემთავრებინა, თუკი ნემსს გავიკეთებდი? ამაზე ასეთ კომენტარს გავაკეთებ: მშვენიერია, როდასაც ის, ვინც გატირებს, მოგვიანებით შენს გაცინებასაც მოახერხებს.

იქნებ რამოსმა ისიც იცის, მზად ვიქნები თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის? მან მატჩის შემდეგ მართლაც მომწერა, მაგრამ ნამდვილად არ მითქვამს, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი მომენტი იყო

ახლა უკეთესად ვარ. იმედი მაქვს, რომ პირველ თამაშში ურუგვაისთან დავეხმარები ნაკრებს, მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, უშუალოდ მატჩის წინ როგორ ვიქნები", - აქვეყნებს სალაჰის ნათქვამს Marca.

ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ფინალურ მატჩში რეალმა ლივერპულს ანგარიშით 3:1 სძლია და ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო.

მოჰამედ სალაჰი, რომელიც ფინალში მიღებულ ტრავმას იშუშებს, მუნდიალისთვის ეგვიპტის ნაკრების საბოლოო შემადგენლობაშია.

ეგვიპტის ნაკრები მუნდიალის A ჯგუფში ურუგვაის (15 ივნისი), რუსეთსა (19 ივნისი) და საუდის არაბეთს (25 ივნისი) დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები