Thumbnail
  • კლივლენდ კავალიერსი 98:85 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძემ 29 იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა
  • ქართველმა ცენტრმა 4 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა

გოგა ბითაძემ ტრავმა მოიშუშა და 29 იანვრის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა კლივლენდში, კავალიერსთან შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ საკუთარი გუნდი ზედიზედ მე-3 წაგებისგან ვერ იხსნა.

გოგამ პარკეტზე ზუსტად 16:02 წუთი გაატარა, ამ დროში კი 4 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება მოასწრო. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2-დან 2 ჯარიმა ზუსტად ისროლა, ხოლო ერთხელ სამქულიანი ვერ გამოიყენა. როდესაც გოგა მოედანზე იყო, იმ მონაკვეთში პეისერსს მეტოქესთან შედარებით +6 ჰქონდა.

ინდიანამ თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდის მერე 15 ქულით იგებდა, მაგრამ კლივლენდმა მომდევნო ორ მეოთხედში ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა, ხოლო ბოლო პერიოდი 20 ქულით მოიგო და საბოლოოდ, გამარჯვებაც კავსს დარჩა - 98:85.

ორივე გუნდში ყველაზე შედეგიან მოთამაშეს 22 ქულა ჰქონდა. პეისერსში კრის დუარტე იყო ასეთი, კლივლენდში - ჩედი ოსმანი. გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლი გაიფორმა კარეტ ალენმა, რომელმაც 15 ქულა, 17 მოხსნა (7 შეტევაში) მიითვალა.

ინდიანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 19/36 მოგება-წაგების ბალანსით მე-13 საფეხურზეა, 9 თებერვალს კი ატლანტა ჰოუქსს ესტუმრება.


დღესვე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსმა, რომელმაც ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო, ამჯერად ლოს ანჯელესში - კლიპერსთან (137:113). ქართველ კალათბურთელს არ უთამაშია. საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ 28 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით. მილუოკი ბაქსი კონფერენციაში მე-3 პოზიციაზეა (34-21), ხოლო 9 თებერვალს ისევ ლოს ანჯელესში ითამაშებს, ოღონდ ამჯერად - ლეიკერსთან.

კომენტარები

ბოლო ამბები