Thumbnail

პარიზის გრანდ სლემი | ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა მე-4 მედალი მოიპოვა
  • ბექა ღვინიაშვილი აკრძალული ილეთისთვის შეჯიბრიდან მოხსნეს
  • საფრანგეთის დედაქალაქში სულ 6 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. 22 წლის ქართველი ძიუდოისტი ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა და კვარცხლბეკის მე-2 საფეხურზე ავიდა.

81 კგ. წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა პირველ შეხვედრაში ფრანგი ტიზი გნამიენი დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის კი კანადელ ფრანსუა დრაპოს შეხვდა და 2 წუთში იპონით მოუგო, რის შედეგადაც 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ სამი ჩოუჩის დაუპირისპირდა. ფინალისთვის ბრძოლა დაძაბული გამოდგა და ტატომ მე-7 წუთზე მოახერხა მომგებიანი ქულის მოპოვება, რითაც ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სოტარო ფუჯივარას შეხვდა.

ფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თავიდან იაპონელი ვაზარით დაწინაურდა, რასაც მალევე ტატომ ვაზარითვე უპასუხა. ამის შემდეგ ქართველი ძიუდოისტი კიდევ ერთი ილეთის შესრულებას ცდილობდა, მაგრამ კონტრშეტევაზე ფუჯივარამ ისარგებლა და იაპონელმა იპონით მოიგო. გრიგალაშვილისთვის პარიზის გრანდ სლემზე ეს მე-2 ვერცხლის მედალია - მან შარშანაც ასეთი შედეგი დააფიქსირა.


90 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა ბექა ღვინიაშვილი. პირველი შეხვედრის ჩატარება მასაც ფრანგი მეტოქის წინააღმდეგ მოუწია. გამოცდილმა ქართველმა ძიუდოისტმა ენიელ კაროლი დაამარცხა და 1/4-ფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს გაეჯიბრა, რომელსაც ასევე აჯობა და ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან 3 გაფრთხილებით წააგო. იგი ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ დავლათ ბობონოვს უნდა შეხვედროდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მეჰდიევთან ბრძოლაში მან აკრძალული ილეთისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც ვერ იბრძოლა და მედალი მეტოქეს ერგო. აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილს 2018 წელს პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

ლუკა მაისურაძე გრანდ სლემზე მე-2 წრიდან ჩაერთო და პირველივე შეხვედრაში ძალიან იოლად დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტი ფრანგ ალექსის მატიეს შეხვდა და მასპინძელმა 16 წამში იპონით გაიმარჯვა. ამგვარად, ლუკამ რეპეშაჟის შანსიც დაკარგა და გრანდ სლემი დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე საქართველო 6 ძიუდოისტით წარსდგა. შაბათს ტატამიზე სამი მათგანი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა - ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა პარიზის პრესტიჟული გრანდ სლემი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები