Thumbnail

პარიზის გრანდ სლემი | გრიგალაშვილი ფინალშია! ღვინიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძვის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პარიზის გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონობისთვის იბრძვის
  • ბექა ღვინიაშვილს ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს
  • ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება

ზედიზედ მეორედ, ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია. 2021 წელს ქართველი ძიუდოისტი საფრანგეთის დედაქალაქში ვერცხლის მედალს დასჯერდა და ეცდება, რომ ამჯერად ოქრო მოიპოვოს.

81 კგ. წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა პირველ შეხვედრაში ფრანგი ტიზი გნამიენი დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის კი კანადელ ფრანსუა დრაპოს შეხვდა და 2 წუთში იპონით მოუგო, რის შედეგადაც 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ სამი ჩოუჩის დაუპირისპირდა. ფინალისთვის ბრძოლა დაძაბული გამოდგა და ტატომ მე-7 წუთზე მოახერხა მომგებიანი ქულის მოპოვება, რითაც ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სოტარო ფუჯივარას შეხვდება.


90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილსაც პირველი შეხვედრის ჩატარება ფრანგი მეტოქის წინააღმდეგ მოუწია. გამოცდილმა ქართველმა ძიუდოისტმა ენიელ კაროლი დაამარცხა და 1/4-ფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს გაეჯიბრა, რომელსაც ასევე აჯობა და ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან 3 გაფრთხილებით წააგო. იგი ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამიზე და უზბეკ დავლათ ბობონოვს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ბექას 2018 წელს პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი უკვე მოპოვებული აქვს და ამჯერად შანსი აქვს, მე-2 მედალი დაისაკუთროს.


ამავე წონაში, ლუკა მაისურაძე გრანდ სლემზე მე-2 წრიდან ჩაერთო და პირველივე შეხვედრაში ძალიან იოლად დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტი ფრანგ ალექსის მატიეს შეხვდა და მასპინძელმა 16 წამში იპონით გაიმარჯვა. ამგვარად, ლუკამ რეპეშაჟის შანსიც დაკარგა და გრანდ სლემი დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე საქართველო 6 ძიუდოისტით წარსდგა. შაბათს ტატამიზე სამი მათგანი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა - ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები