Thumbnail

პარიზის გრანდ სლემი | მაისურაძე დამარცხდა, გრიგალაშვილმა და ღვინიაშვილმა მოიგეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პარიზის გრანდ სლემის მე-2 საშეჯიბრო დღე
  • ლუკა მაისურაძემ პირველივე შეხვედრა წააგო
  • ტატო გრიგალაშვილი და ბექა ღვინიაშვილი ბრძოლას აგრძელებენ

UPDATE: პარიზის გრანდ სლემის მე-2 საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო - ტატო გრიგალაშვილი (81. კგ), ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ.).

სამივე ქართველ ძიუდოისტს პირველი შეხვედრის ჩატარება მასპინძელი, ფრანგი მეტოქეების წინააღმდეგ მოუწიათ. მაისურაძე გრანდ სლემზე მე-2 წრიდან ჩაერთო და პირველივე შეხვედრაში ძალიან იოლად დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტი ფრანგ ალექსის მატიეს შეხვდა და მასპინძელმა 16 წამში იპონით გაიმარჯვა. ამგვარად, ლუკამ რეპეშაჟის შანსიც დაკარგა და გრანდ სლემი დაასრულა.

ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილსაც პირველი შეხვედრის ჩატარება ფრანგი მეტოქის წინააღმდეგ მოუწია. გამოცდილმა ქართველმა ძიუდოისტმა ენიელ კაროლი დაამარცხა და 1/4-ფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს გაეჯიბრა, რომელსაც ასევე აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

81 კგ წონით კატეგორიაში პირველი ეტაპი დაძლია ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფრანგი ტიზი გნამიენი დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის კი კანადელ ფრანსუა დრაპოს შეხვდა და 2 წუთში იპონით დაამარცხა, რის შედეგადაც 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ სამი ჩოუჩის დაუპირისპირდება.


შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე საქართველო 6 ძიუდოისტით წარსდგა. შაბათს ტატამიზე სამი მათგანი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა - ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

კომენტარები

ბოლო ამბები