Thumbnail

ფუტსალი | უკრაინამ მაგრად იბრძოლა, მაგრამ წააგო - რუსეთი ფინალშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი | უკრაინა 2:3 რუსეთი
  • უკრაინის ნაკრებს მატჩის მიწურულს გათანაბრება რამდენჯერმე შეეძლო

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი რუსეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ნახევარფინალში უკრაინა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა რუსების სწრაფი გოლით დაიწყო: მე-2 წუთზე სოკოლოვმა მეკარის შეცდომით ისარგებლა. მატჩის დასაწყისში უკრაინის ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა და 10 წუთში 5 ჯარიმაც მიიღო, რამაც მათი მდგომარეობა ძალიან დაამძიმა. სერგეი სკოროვიჩის გუნდმა მე-15 წუთზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, რასაც უკრაინამ ზუსტად ერთ წუთში უპასუხა და თამაში დაიძაბა - 1:2.

მე-2 ტაიმში უკრაინა უკეთ თამაშობდა და წაგებას არც იმსახურებდა, თუმცა 31-ე წუთზე ნიაზოვმა ულამაზესი "მაკრატელა" დარტყმით ორბურთიანი სტატუს-ქვო აღადგინა. სწორედ ამის შემდეგ დადგა მატჩის კულმინაციური ნაწილი.

უკრაინის ნაკრებმა ბევრი შანსი გაანიავა

უკრაინელებმა საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე შეამცირეს სხვაობა, ხოლო წუთითა და 17 წამით ადრე ძალიან მაგარი შანსი მიიღეს - პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა, პეტრო შოტურმას დარტყმა რუსების მეკარე პუტილოვმა უკუაგდო.

დარჩენილ დროში უკრაინას კიდევ ერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და თამაშიც დასრულდა, არადა, მატჩის ბოლოსკენ ლამის ყველა სტატისტიკურ კომპონენტში საგრძნობი უპირატესბობა ჰქონდა.

ამგვარად, რუსეთის ნაკრები, რომელმაც 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრებს 3:1 მოუგო, ფინალში გავიდა, მისი მეტოქე კი ესპანეთისა და პორტუგალიის ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა.

უკრაინა 2:3 რუსეთი

გოლები: 0:1 სოკოლოვი (2), 0:2 აფანასიევი (15), 1:2 სირიი (16), 1:3 ნიაზოვი (31), 2:3 აბასხინი (35)

კომენტარები

ბოლო ამბები