Thumbnail

PREVIEW | ინტერი V მილანი - ფინალის ტოლფასი დერბი დელა მადონინა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 5 თებერვალი | ⌚ 21:00 | 🏟 ჯუზეპე მეაცა | ⚽ ინტერი V მილანი
  • სკუდეტოსთვის ბრძოლაში ეს გარდამტეხი თამაშია
  • ინტერი ძალიან მაგარ ფორმაშია და 14 მატჩია არ წაუგია
  • მილანს მარცხის უფლება არ აქვს და 3 ქულა სჭირდება

ჯერ მხოლოდ 24-ე ტურია, მაგრამ შესაძლოა სერია A-ში სკუდეტოსთვის ბრძოლაში ბევრი რამ სწორედ ახლა გაირკვეს. ტურის მთავარი თამაში მილანური დერბია - ინტერი V მილანი. ორივე გუნდი საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული, მაგრამ ინტერი უპირატესობას ფლობს და თუ მეტოქის დამარცხებას მოახერხებს, ზედიზედ მე-2 ჩემპიონობისკენ სოლიდურ ნაბიჯს გადადგამს.

"ნერაძური" ლიდერია და "როსონერის" (ისევე, როგორც ნაპოლის) 4 ქულით უსწრებს, თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, რაც ნიშნავს, რომ პოტენციურად 7 ქულითაა წინ და დერბიში გამარჯვების შემთხვევაში მილანს დიდი ალბათობით, გზიდან საბოლოოდ ჩამოიცილებს. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, შავ-წითლებს შანსი აქვს ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბონ და ამისთვის, 3 ქულა სჭირდებათ. ამგვარად, წინ მაგარი და უშეღავათო ბრძოლა გველოდება.

ინტერი დიდებულ ფორმაშია და სერია A-ში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (11 მოგება, 3 ფრე). სიმონე ინძაგის გუნდმა ბოლოს რომში, ლაციოსთან წააგო და მას შემდეგ ქულებს პრაქტიკულად არ კარგავს. მილანს კი პირიქით, ბოლო ორ ტურში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მადონინაში" გამარჯვება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირებაში გამარჯვებული არ გამოვლენილა - 1:1.

ყველაფერთან ერთად ინტერს საკადრო პრობლემები თითქმის არ აქვს. მხოლოდ ხოაკინ კორეა და ახალწვეული რობინ გოზენსი არიან ტრავმირებულები, მაგრამ ეს ინძაგის გუნდისთვის მძიმე დანაკლისი ნამდვილად არაა. სამაგიეროდ, მილანში უფრო მეტი პრობლემაა - სიმონ კიაერი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, სტეფანო პიოლიმ ასევე გამორიცხა ანტე რებიჩისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშიც. ფიკაიო ტომორი გუნდს დაუბრუნდა, მაგრამ იმავე პიოლის განცხადებით, ძირითად შემადგენლობაში დიდი ალბათობით, არ იქნება.

პირველ წრეში გუნდებმა ქულები გაიყვეს

სიმონე ინძაგი: "იმედი მაქვს, რომ ბიჭები კონცენტრირებულები არიან, მაგრამ ამავე დროს ვიმედოვნებ, რომ მათი გონება თავისუფალია და აცნობიერებენ იმ პოტენციალს, რაც ჩვენ გვაქვს, როგორც ინდივიდუალურად, ისე - გუნდურად. ვფიქრობ, გამარჯვების შემთხვევაშიც საჩემპიონო ბრძოლა არ დასრულდება, წინ კიდევ 15 თამაშია. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ვიცი, რას წარმოადგენს ორივე გუნდის გულშემატკივრებისთვის. სეზონში 45 ქულა არაფრის გარანტია არაა".

სტეფანო პიოლი: "ბევრი მიზეზის გამო, დერბი ძალიან მნიშვნელოვანია. ის გაძლევს თავდაჯერებას, პოზიტიურობას და ძალას. 90 წუთის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, ჩემმა ფეხბურთელებმა ეს იციან. გვინდა, რომ ეს მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ. იბრაჰიმოვიჩი და რებიჩი ვერ ითამაშებენ. ჩვენ ძალიან გავიზარდეთ ზლატანთან ერთად და ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ მის გარეშეც ძლიერები ვართ".

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანი ის გუნდია, რომელთანაც ინტერს სერია A-ში ყველაზე მეტი ფრე აქვს (56). მეორე მხრივ, არცერთ გუნდს დაუმარცხებია უფრო მეტჯერ "როსონერი", ვიდრე - "ნერაძურის" (67). მილანმა სერია A-ში ინტერისგან 247 გოლი გაუშვა და ასეთი ცუდი შედეგი არცერთ სხვა მეტოქესთან არ აქვს.

⚽ პირველი წრის მატჩში ფრე (1:1) იყო, ამდენად, სეზონის ორივე თამაშში საყაიმო ანგარიში, შესაძლოა, 2016/17 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაფიქსირდეს. მაშინ სტეფანო პიოლი ინტერის მწვრთნელი იყო.

⚽ ინტერმა მილანთან სერია A-ში ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (2020 წლის ოქტომბერში, 1:2, იბრაჰიმოვიჩის დუბლით). ამ პერიოდში შავ-ლურჯებმა 6 მატჩი მოიგეს, 4 კი ფრედ დასრულდა.

⚽ 2020/21 წლების სეზონიდან ინტერმა სერია A-ში 60 მატჩიდან მხოლოდ 4 წააგო (44 მოგება, 12 ფრე). ერთ-ერთი სწორედ მილანთან 2020 წლის ოქტომბერში. ამავე პერიოდში ინტერზე ცოტა თამაში არავის წაუგია (მე-2 შედეგი აქვს ატალანტას - 9 მარცხი).

⚽ იუვენტუსთან 0:0-ის შემდეგ, მილანმა შეიძლება ზედიზედ ორ მატჩში ვერ გაიტანოს გოლი, რაც სერია A-ში 2021 წლის თებერვლის შემდეგ არ მომხდარა. მილანელებმა მიჯრით 2 ფრე ბოლოს 2020 წლის დეკემბერში ითამაშეს.

⚽ ინტერის ბოლო საშინაო მარცხი სერია A-ში 2020 წლის ოქტომბრით თარიღდება და სწორედ მილანის წინააღმდეგ (28-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია მას შემდეგ). ეს არის "ნერაძურის" ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია შინ, მას შემდეგ, რაც 2008 წლის აპრილიდან 2010 წლის ნოემბრამდე, 46 თამაში არ წააგო საკუთარ კედლებში. ის სერია მილანმა შეაწყვეტინა, როდესაც 2010 წლის ნოემბერში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით მოუგო.

⚽ ინტერს (53) და მილანს (47) მიმდინარე სეზონში სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. "ნერაძურის" 8 გოლი აქვს მინიმუმ 10 ზუსტი გადაცემისგან შემდგარი კომბინაციით, "როსონერის" კი - 7. 

⚽ ედინ ჯეკოს მილანის წინააღმდეგ 6 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული და ყველა რომას მაისურით (5 გოლი და 1 საგოლე პასი).

⚽ ჰაკან ჩალჰანოღლუმ მილანში 172 თამაში ჩაატარა და 74 გოლში მიიღო მონაწილეობა. იმ პერიოდში, როცა ის "როსონერიში" თამაშობდა, ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (32) და ყველაზე მეტი საგოლე პასი გააკეთა (42). მან პირველ წრეში ყოფილ გუნდს უკვე გაუტანა და მილანი შეიძლება გახდეს მე-3 გუნდი კიევოსა და ფიორენტინას შემდეგ, რომელსაც თურქი ნახევარმცველი ერთ სეზონში ორივე მატჩში გაუტანს.

⚽ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მილანურ დერბიში სერია A-ს ეგიდით 8 გოლი აქვს გატანილი (6 მილანის და 2 ინტერის რიგებში). მხოლოდ ჯუზეპე მეაცას (12), გუნარ ნორდალსა (11) და სტეფანო ნიერსს (11) აქვთ უკეთესი შედეგი. ზოგადად, "მადონინას" ბომბარდირი ანდრეი შევჩენკოა, მაგრამ ეს ყველა ტურნირის მიხედვით.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ 5 მატჩიდან სამჯერ დაფიქსირდა ერთანაირი ანგარიში - 2:1.

⚽ ინტერის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ეს გუნდები სერია A-ში 175-ჯერ შეხვედრიან და უპირატესობა ინტერის მხარესაა: 67 მოგება, 56 ფრე და 52 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრაი, ბასტონი - დუმფრისი, ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, პერიშიჩი - ლაუტარო, ჯეკო.
ტრავმა: კორეა, გოზენსი

მილანი (4-2-3-1): მენიანი - კალაბრია, კალულუ, რომანიოლი, ტეო ერნანდესი - ტონალი, ბენასერი - სელმაეკერსი, კესი, ლეაო - ჟირუ.
ტრავმა: კიაერი, ტომორი, ბალო-ტურე, რებიჩი, იბრაჰიმოვიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები