Thumbnail
  • ავსტრალიის ღია პირველობაზე მომხდარი სკანდალის შემდეგ სერბი აცრას აპირებს
  • მისი ბიოგრაფის თქმით, ნოლეს აცრის მოტივაცია ავსტრალიაში ნადალის გამარჯვებამ მისცა

ნოვაკ ჯოკოვიჩის გერმანელი ბიოგრაფის, დანიელ მიუკშის ინფორმაციით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას აპირებს.

ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა ცნობილი სკანდალის ფონზე გამოტოვა, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი კი რაფაელ ნადალმა მოიგო, რომელსაც ნოვაკსა და როჯერ ფედერერზე 1-ით მეტი მოგებული გრანდ სლემი დაუგროვდა. 

“რაც მისი გარემოცვიდან გავიგე, შემიძლია ვიფიქრო, რომ ჯოკოვიჩი აცრას გაიკეთებს. შესაძლოა, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალმა იქონია. არ გამოვრიცხავ, რომ ნოვაკის მოტივაციის წყარო მოგებულ გრანდ სლემებში რაფა ნადალთან ჩამორჩენა გახდა,” - უთხრა მიუკშმა ავსტრიულ Heute-ს.

სერბ ჩოგბურთელს 2021 წლის 3 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ სერბეთის ნაკრები დევისის თასზე ხორვატიასთან დამარცხდა. ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირზე უკვე დარეგისტრირდა, შეჯიბრება კი 21 თებერვალს დაიწყება. 

თუ სერბი მართლაც აიცრება, ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსებზე თამაშს მოახერხებს - აღარაფერს ვამბობთ დიდი სლემის მომავალ ტურნირებზე, როლან გაროსსა და უიმბლდონის ღია პირველობაზე. თუ ვაქცინაციაზე ისევ უარს იტყვის, დიდი ალბათობით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამ სტატუსს რუს დანიილ მედვედევს გადაულოცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები