Thumbnail

'ამ მოგებით დავბრუნდი და დიდი გეგმები მაქვს' - ინტერვიუ ირაკლი ქურასბედიანთან

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ირაკლი ქურასბედიანმა ბარსელონაში კარიერის მე-12 ბრძოლა მოიგო
  • 28 წლის ქართველი მოკრივე მწვრთნელიცაა და საკუთარი დარბაზი აქვს

ქართველმა მოკრივე ირაკლი ქურასბედიანმა პროფესიონალურ კარიერაში მე-14 ბრძოლა 29 იანვარს იბრაჰიმა სარის წინააღმდეგ გამართა და ძალიან ძლიერი მეტოქე დაამარცხა. ქურასბედიანმა აღნიშნული ჩხუბი ბარსელონაში ჩაატარა. იგი სწორედ კატალონიაში ცხოვრობს და ვარჯიშობს, ასევე სხვებსაც ავარჯიშებს. პოპსპორტი 28 წლის მოკრივეს ესპანეთში დაუკავშირდა.

POPSPORT: ირაკლი, გილოცავთ გამარჯვებას. ბოლო ბრძოლის შესახებ საუბრით დავიწყოთ…

ირაკლი ქურასბედიანი: შაბათს "ბარსელონას კრივის საღამოების" ფარგლებში, სასტუმრო ალიმარაში ვიჩხუბე და ეს მთავარი ბრძოლა იყო. პანდემიის გამო 2-წლიანი პაუზა მქონდა და ეს შეხვედრა დასაბრუნებლად მჭირდებოდა. ჩემი მეტოქე ძალიან ძლიერი ბიჭი იყო, ცოტა ხნის წინ პერსპექტიულ ესპანელს ნოკაუტით მოუგო. სარი ჩემზე გაცილებით მაღალია, გრძელი და ძლიერი ხელები აქვს. თუმცა, პირველსავე რაუნდში იგრძნო, რომ რთული დუელი ელოდა და ბინძურად ჩხუბი დაიწყო, თავის ჩარტყმით წარბიც კი გამიხეთქა. თან, ამას ისიც ემატებოდა, რომ მეტოქის სიმაღლიდან გამომდინარე, სულ ზევით მიწევდა ყურება და განათება ხელს მიშლიდა, ზოგჯერ მოწინააღმდეგეს ვერც კი ვხედავდი. ამის მიუხედავად, მაინც გავიმარჯვე. საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი იყო მოსული, მოგეხსენებათ, ბარსელონაში ბევრი ქართველია. დარბაზში ისეთი ატმოსფერო იყო, რომ თავი სახლში მეგონა.

POPSPORT: სად და როგორ დაიწყეთ მოკრივის კარიერა?

ქურასბედიანი: 14 წლის ვიყავი, როცა მამამ მე, ჩემი ძმა და დედა ბარსელონაში ჩამოგვიყვანა. ჯერ სკოლაში არ ვიყავი მისული, ვარჯიში რომ დავიწყე. თავიდან კიკბოქსინგზე შევედი, შემდეგ კატალონიის ჩემპიონატზე გამოვედი და მოვიგე. თუმცა, მაშინ მივხვდი, რომ კრივი უფრო მეტად მომწონდა. 15 წლიდან უკვე კრივში ჩავერთე, სამოყვარულო დონეზე 45 ბრძოლა გავმართე და 2015 წელს პროფესიონალებში გადავედი. ახლა 12 გამარჯვება და 2 წაგება მაქვს. თავიდან კარგად ვერ დავიწყე, მწვრთნელის პრობლემა მქონდა, მერე პრომოუტერის. თუმცა, ბოლო წლებში ყველაფერი შეიცვალა, თანამემამულე ბერდია ლიპარტელიანთან ერთად დარბაზიც გავხსენი. ახლა გეგმაში სადმე ტიტულზე ბრძოლის ჩატარება და ქამრის მოპოვება მაქვს.

'მირჩევნია, სადაც ვარ, აქ კარგად ვიმუშავო, პოპულარული გავხადო კრივი და ხალხი ავიყოლიო'

ვიცი, რომ ბევრს ამერიკაში წასვლა სურს. მე სხვანაირად ვფიქრობ: მირჩევნია, სადაც ვარ, აქ კარგად ვიმუშავო, პოპულარული გავხადო კრივი და ხალხი ავიყოლიო. როცა ამას შევძლებ, შემდეგ გზა ყველა მიმართულებით გამეხსნება. 

POPSPORT: დარბაზი როდის გახსენით? თქვენთან ქართველებიც ვარჯიშობენ?

ქურასბედიანი: დარბაზი 2018 წელს გავხსენით. ჩემი მწვრთნელის ინიციატივა იყო და ყველაფერი ერთად დავიწყეთ. ეს სივრცე ადრე სუპერმარკეტის პარკინგი იყო - ვიშრომეთ, გავარემონტეთ და ახლა ჩვენთან 220 სპორტსმენი ვარჯიშობს. მათ შორის ქართველი ბიჭებიც არიან, ესპანელებიც, ფრანგებიც და არაბებიც. ჩემი შემოსავლის წყარო დარბაზია, სხვა დაფინანსება არ მაქვს. გარდა ამისა, როცა ბრძოლა მაქვს, საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის და შემოსავალს ესეც გვაძლევს.

POPSPORT: მომდევნო ბრძოლა ხომ არ გაქვს დაგეგმილი?

ქურასბედიანი: ჯერ გარკვეული არაფერია, მაგრამ მინდა, რომ აპრილში ან მაისში ვიჩხუბო. მენეჯერთან ერთად ამ საკითხს ვაგვარებთ. როგორც ვთქვი, მინდა, რომ ბრძოლა ქამრისთვის გავმართო და ბარსელონაში ტიტულით დავბრუნდე. ამ ყველაფრის შეთანხმება ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ. სულ ლაპარაკობენ, რომ ევროპაში ქართველები მოსაპარად მიდიანო. მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ვართ აქ ქართველები, რომლებიც პატიოსნად ვშრომობთ, ჩვენი ქვეყნის სახელის საუკეთესოდ წარმოჩენას ვცდილობთ და წარმატებებსაც ვაღწევთ.

კრივი | ქურასბედიანის მე-12 გამარჯვება

🥊 | ირაკლი ქურასბედიანი რინგზე დაბრუნდა და ბარსელონაში კარიერის მე-12 ბრძოლა მოიგო.

Posted by popsport on Monday, January 31, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები