Thumbnail
  • პორტუგალიის გრან პრის პრიზიორი გიორგი ბერიაშვილი რეიტინგში აღზევდა
  • ძიუდოს საერთაშორიოს ფედერაციის განახლებული კლასიფიკაცია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) წლის პირველი ტურნირის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, საიდანაც ვგებულობთ, რომ წონის ლიდერებში ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი დარჩა, პორტუგალიის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორ გიორგი ბერიაშვილს კი მნიშვნელოვანი წინსვლა შეეხო.

შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ერთადერთი იყო, ვინც ალმადაში წასული საქართველოს ნაკრების 8-კაციანი შემადგენლობიდან კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა. შედეგად, ბერიაშვილი ერთბაშად 43 ადგილით დაწინაურდა და 35 ქულით 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში 68-ე ადგილზე იმყოფება. ამ წონის მოწინავე ათეულში 2 ქართველი ძიუდოისტია: ვარლამ ლიპარტელიანი (3 532) მეხუთეა, ხოლო ილია სულამანიძე (3 152) – მერვე.

81 კგ-მდე წონაში პირველობა დათმო ტატო გრიგალაშვილმა (6 192). მას ბელგიელმა მატიას კასემ (6 250) გადაასწრო, რომელიც პორტუგალიის გრან პრის გამარჯვებული გახდა. შედეგად, წონის სათავეში საქათველოს ნაკრების ერთადერთი წევრი დარჩა: ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ-მდე წონით კატეგორიას 5 575 ქულით ლიდერობს.

სხვა ქართველ ძიუდოისტთაგან უნდა გამოვარჩიოთ ვაჟა მარგველაშვილის (3 560) მე-4 ადგილი 66 კგ-ში, ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის (4 430) მე-2 პოზიცია და ბექა ღვინიაშვილის (2 390) მე-10 საფეხური 90 კგ-ში და გელა ზაალიშვილისა (3 294) და გურამ თუშიშვილის (3 034), შესაბამისად, მე-4 და მე-8 ადგილები მძიმე წონაში (+100 კგ.). 

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა კალენდარში მომდევნო მნიშვნელოვანი ტურნირი 5-6 თებერვალსაა დანიშნული: პარიზის (საფრანგეთი) მასტერსი. ამ დროისთვის, იქ 8 ძიუდოისტია დარეგისტრირებული: ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები