Thumbnail
  • რომაული კლუბი 19 წლის ჯასტინში 20 მილიონ ევროს, პლუს 5 მილიონს ბონუსად გადაიხდის
  • ახალგაზრდა ჰოლანდიელის ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება
  • რომამ ტვიტერზე ბრაიან კრისტანტეს დამატებას კომიკური ფოტომონტაჟი მიუძღვნა 

ამსტერდამის აიაქსის ვინგერი ჯასტინ კლუივერტი უახლოეს მომავალში რომას ფეხბურთელი გახდება. როგორც Sky Sports Italia იუწყება, რომაული კლუბი 19 წლის ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ჯასტინი რომაში სამედიცინო შემოწმებას 9 ან 10 ივნისს გაივლის. იუწყებიან, რომ კლუივერტის სხვა კლუბში გაყიდვის შემთხვევაში, ტრანსფერის თანხის 10%-ს ამსტერდამული კლუბი მიიღებს.

სავარაუდოდ, წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის ვაჟი რომასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ხელფასი კი 1,4 მილიონი ევრო იქნება.

ჯასტინმა გასულ სეზონში აიაქსის მაისურით 36 მატჩში ითამაშა, გაიტანა 11 გოლი და შეასრულა 5 საგოლე პასი. ფეხბურთელის ანგარიშზე ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული 1 მატჩია.

ჯასტინის ტრანსფერამდე, რომამ ბერგამოს ატალანტადან 23 წლის ნახევარმცველის ბრაიან კრისტანტეს დამატების შესახებ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალურ ტვიტერში განთავსებული ფოტომონტაჟი საერთო დაცინვის ობიექტი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები