Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ავთანდილ ასათიანის გუნდს 1/4-ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ თუ ამ შეხვედრაში არ დამარცხდება, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

მატჩის წინ ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ფედე ვიდალმა ისაუბრა, რომელმაც შემადგენლობაში ცვლილების შესახებ გააკეთა კომენტარი - გუნდს ესტებან სეხუდო ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე გამოაკლდა და ამიტომ, მის ნაცვლად ფრანსისკო სოლანო გამოიძახა:

"ესტებან სეხუდო გამოგვაკლდა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. ამიტომაც, ფრანსისკო სოლანო გამოვიძახეთ, რომელსაც განსხვავებული თვისებები აქვს, ის უფრო მეტად დაცვაში დაგვეხმარება, იცნობს გუნდს და ძალიან სწრაფად მოახერხებს ადაპტირებას, რადგან უკვე იცის, რაზე ვმუშაობდით და როგორ ვაკეთებდით საქმეს", - თქვა შემადგენლობაზე ვიდალმა.

ფედე ვიდალი და ესპანელი ფეხბურთელები აზერბაიჯანთან მატჩში (2:2)

ესპანელმა მწვრთნელმა რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა და ავთანდილ ასათიანის გუნდი შეაქო: "საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქე რომ იყო, ტურნირამდეც ვიცოდით და ამ ევროპის ჩემპიონატზეც ამტკიცებს. მათ ძალიან კონკრეტული სათამაშო სტილი და მოდელი აქვთ, რომელსაც შედეგი მოაქვს. ორივე თამაშში მოახერხეს ჩამორჩენის ამოქაჩვა, ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდია. ამ თამაშს ფინალივით უნდა მივუდგეთ და მეტოქეს ჩვენი თამაშის სტილი უნდა მოვახვიოთ, რომ მატჩი მოვიგოთ", - აღნიშნა ვიდალმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში აზერბაიჯანსა (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინას (2:1) მოუგო, რის შედეგადაც ბოლო ტურის წინ 6 ქულით ლიდერია, ხოლო ესპანეთის ნაკრები 4 ქულით მე-2 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები