Thumbnail
  • დუშან ვლაჰოვიჩმა იუვენტუსთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 22 წლის სერბი ფეხბურთელი სერია A-ს მიმდინარე სეზონის ბომბარდირია
  • იუვენტუსის პრობლემები შეტევაში ვლაჰოვიჩმა უნდა მოაგვაროს

უკვე ოფიციალურად: დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ფეხბურთელია!

22 წლის სერბი თავდამსხმელი ტურინში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა. ამგვარად, მის კარიერაში ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ კლუბები რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ, ბოლო შეთანხმება კი იუვესა და ფეხბურთელის აგენტებს შორის შედგა, რის შედეგადაც ტრანსფერს საბოლოოდ მწვანე შუქი აენთო. ნიჭიერი ცენტრფორვარდის დებიუტი "ბებერი ქალბატონის" რიგებში სავარაუდოდ, 6 თებერვალს, ვერონასთან მატჩში შედგება. ის იუვეს ახალი 7-იანია, ბოლოს ვინ იყო, ალბათ შეხსენება არც სჭირდება - კრიშტიანო რონალდო.

როგორია კონტრაქტის დეტალები: ფიორენტინამ ფიქსირებული 70 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 5 მილიონი ევროს სახით ბონუსიც დაემატება, ფეხბურთელმა კი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე, 1 წლით განახლების შესაძლებლობით გააფორმა. მისი ხელფასი წელიწადში 7 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება.

"ნამდვილად ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი. ყველაფერს გავიღებ, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. იუვენტუსი წარმოადგენს სიამაყეს, ტრადიციას, ოჯახს. წვრთნელისა და თანაგუნდელების განკარგულებაში ვარ და ვეცდები, მათ მაქსიმალურად დავეხმარო. დღეს ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული დღეა, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და ბედნიერი დაბადების დღე მაქვს, რაც კი აქამდე მქონია", - თქვა სერბმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

წაიკითხეტურინულ იმედს დუშანი ჰქვია - რას შეცვლის ვლაჰოვიჩი იუვენტუსში

დუშან ვლაჰოვიჩმა საფეხბურთო კარიერა ბელგრადის პარტიზანში დაიწყო, 2018 წლიდან კი ფიორენტინაში თამაშობდა და დღემდე 108 მატჩში 49 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მას ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში თავი 20-ჯერ აქვს გამოჩენილი, მათ შორის 17-ჯერ სერია A-ში, სადაც ბომბარდირთა სიას ჩირო იმობილესთან ერთად ლიდერობს. ვლაჰოვიჩის გადაბირება მიმდინარე თვეში ლონდონის არსენალსა და გასულ ზაფხულს მადრიდის ატლეტიკოს სურდათ, მაგრამ ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში გადასვლის ძლიერი სურვილი გამოთქვა, რამაც ტრანსფერის იოლად განხორციელებას ხელი დიდად შეუწყო. დუშანი სერბეთის ნაკრებში 2020 წლიდან თამაშობს და 14 მატჩში 7 გოლის გატანა უკვე მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები