Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია! ეს უკვე უდიდესი წარმატებაა, მაგრამ წინა ორმა თამაშმა ყველა დაარწმუნა, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდს მეტიც შეუძლია! ნაკრებმა ჯგუფში ორივე თამაში მოიგო და პლეი ოფში თამაში უკვე გაინაღდა, მაგრამ ჯერ წინ ჯგუფის ბოლო შეხვედრაა უძლიერეს ესპანეთთან და ეს არის ბრძოლა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად.

აზერბაიჯანთან - 3:2, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან - 2:1. შედეგად, საქართველო ევროპის ჩემპიონატის პირველი დებიუტანტია 2010 წლის შემდეგ, რომელმაც საწყისი 2 მატჩი მოიგო. 6 ქულა საკმარისი გამოდგა მეოთხედფინალში თამაშის გასანაღდებლად. ასათიანის გუნდს ესპანეთის ნაკრებიც "დაეხმარა", რომელმაც აზერბაიჯანთან არ წააგო (2:2) და სწორედ ამიტომაც, საქართველოს პლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

ქართველი ფეხბურთელების მეტოქე მესამე ტურში ძალიან ძლიერი და გამოკვეთილი ფავორიტი, ესპანეთის ნაკრებია. ნაკრებს ფრეც აწყობს, რომ D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს და ამას მნიშვნელობა მართლაც აქვს. საქმე ისაა, რომ ჯგუფის მეორეადგილოსანი 1/4-ფინალში რუსეთის ნაკრებს შეხვდება, რომელიც ძალიან მაღალი დონის გუნდია, ხოლო პირველადგილოსანს შედარებით სუსტი მეტოქე ელოდება (დიდი ალბათობით, ხორვატია).

საქართველოს ნაკრებმა ისტორია უკვე დაწერა და წნეხის გარეშე უნდა ითამაშოს

ბოსნიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ლიდერი ელისანდრო დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორია ნატურალიზებული ბრაზილიელის მდგომარეობა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის ესპანეთთან დაისვენებს, რომ 1/4-ფინალისთვის ძალების აღდგენა მოახერხოს.

რამდენად ძლიერია მეტოქე

ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერია - ევროპულ ფუტსალში ალბათ ყველაზე ძლიერიც. ესპანეთს ევროპის ჩემპიონატი არასდროს დაუსრულებია საპრიზო სამეულს მიღმა - ჩემპიონობა 7-ჯერ მოიპოვა, ორჯერ მე-2 ადგილი დაიკავა და კიდევ ორჯერ - მე-3. მოკლედ, ევროპაში ყველაზე წარმატებული ნაკრებია.

პირინეელები მსოფლიოს ჩემპიონატზეც წარმატებით თამაშობენ და ორჯერ გახდნენ ჩემპიონები - 2000 და 2004 წლებში, 1996 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვეს, 2008 და 2012 წლებში - ბრინჯაო. სამაგიეროდ, ბოლო ორი მუნდიალი მეოთხედფინალში დაასრულეს (2016, 2021).

ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ძალიან იოლად გაიარა, პრესაკვალიფიკაციო ეტაპისგან, რა თქმა უნდა, თავისუფალი იყო, მთავარ შესარჩევ ციკლში კი სლოვენიას, ლატვიასა და შვეიცარიას ძალიან დიდი უპირატესობით აჯობა: ექვსივე თამაში მოიგო, 46 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა. კონკრეტულად ფინალურ ეტაპზე კი ესპანელებმა რომ ბოსნია-ჰერცეგოვინას 5:1 მოუგეს, მაგრამ აზერბაიჯანის ნაკრებთან ძალიან გაუჭირდათ - ორჯერ აგებდნენ და საბოლოოდ ქულა მაინც გადაარჩინეს (2:2).

ესპანეთმა აზერბაიჯანთან საქართველოსთვის კარგი საქმე გააკეთა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

ავთანდილ ასათიანი წუთშესვენებაზე ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევს

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. ტურნირს კიდევ 3 დებიუტანტი ჰყავს: ბოსნია/ჰერცეგოვინა, სლოვაკეთი და ფინეთი.

⚽ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 31-ე ადგილზეა, ესპანეთი კი - მე-2-ზე. (სხვათა შორის, საქართველო რეიტინგში ტურნირის დაწყებამდე 36-ე პოზიციაზე იყო).

⚽ საქართველოს ფუტსალის ნაკრების ისტორიაში პირველი მატჩი 1995 წლის 23 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ტურინში, იტალიასთან 1:3 დამარცხდა.

⚽ საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი ანგარიშით გიბრალტარის ნაკრები ჰყავს დამარცხებული (15:1).

⚽ ამ ხნის განმავლობაში ფუტსალის ნაკრებმა 164 თამაში ჩაატარა, საიდანაც 70 მოიგო და 498 გოლის გატანა მოახერხა.

⚽ ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრებია, ესპანეთი კი მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, რომელსაც ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ აქვს მოგებული.

⚽ ზოგადად, ევროპის ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ 4 ნაკრები ფლობს: ესპანეთი (7), იტალია (2), რუსეთი (1) და პორტუგალია (1).

⚽ ესპანეთის ნაკრებს 2-ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატიც აქვს მოგებული (2000 და 2004 წლებში).

⚽ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შაგინია და ესპანელი რაულ კამპოსი თანაგუნდელები არიან (ესპანურ პალმაში).

⚽ საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან 6-ჯერ უთამაშია და ყველა მატჩი პირინეელებმა მოიგეს (6:59-ზე ბურთების ბალანსი).

კომენტარები

ბოლო ამბები