Thumbnail
  • მილანის ინტერმა რობინ გოზენსი დაიმატა, ატალანტა 25 მილიონს მიიღებს
  • 27 წლის გერმანელი მცველი 'ნერაძურიში' მე-18 ნომრით ითამაშებს

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა მილანის ინტერმა ბერგამოს ატალანტასა და გერმანიის ნაკრების მარცხენა მცველი, რობინ გოზენსი ოფიციალურად გაიფორმა. 27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ხელი მოაწერა.

გოზენსი "ნერაძურის" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, მაგრამ ზაფხულში ინტერი მას გამოისყიდის, რადგან ამის ვალდებულება აქვს. მთლიანობაში, იტალიური გრანდი ატალანტას 25 მილიონ ევროს გადაუხდის, გერმანელის ხელფასი კი სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

რობინმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის იოლი არჩევანი იყო: "ვამაყობ, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოვხვდი. ჩემთვის ეს იოლი არჩევანი იყო, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ერთი სული მაქვს, ვითამაშო. ინძაგის უკვე ვესაუბრე, მითხრა, რას ელოდება ჩემგან და ჩემი იდეები მეც ვუთხარი", - თქვა მან კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში.

გოზენსი ახლა ტრავმირებულია და მოედანზე თებერვლის ბოლოს დაბრუნდება

რობინ გოზენსი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარცხენა მცველია. მან გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელს შეუძლია, როგორც დაცვასა და ნახევარდაცვაში თამაში, ასევე მთელი ფლანგის კონტროლი. მან ატალანტას მაისურით 2017 წლიდან 157 მატჩში 29 გოლი გაიტანა, მანამდე კი ნიდერლანდებში, დორდრეხტისა და ჰერაკლესის რიგებში ასპარეზობდა. გერმანიის ნაკრებში გოზენსმა 13-ჯერ ითამაშა და 2 გოლი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები