Thumbnail

ქართველმა ძიუდოისტებმა პორტუგალიის გრან პრიზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალმადაში საქართველოს ნაკრების 8 წარმომადგენელი იასპარეზებს
  • 2022 წლის პირველი ტურნირი 28-30 იანვარს ჩატარდება

ქართველმა ძიუდოისტებმა, რომელთაც ხვალიდან პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დაგეგმილი გრან პრი ელით, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით, სეზონის პირველ ტურნირზე საქართველოს ნაკრების 14 წევრი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, კოვიდ-შემთხვევების გამო, მათი რაოდენობა რვამდე დავიდა.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში თენგო ზირაქაშვილი უნგრელ ბოტონდ შერედასს გაეჯიბრება და თუკი იმარჯვა, მერვედფინალში პირველი განთესვის მქონე სამხრეთკორეელ ბაულ ანს შეხვდება. ამავე წონაში საბა კაპანაძეს ანგოლელ ედმილსონ პედროსთან დაპირისპირება ელის.

გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) ძალებს ამერიკელ ჯეკ იონეზუკასთან სცდის, 81 კგ-ში კი 2 წარმომადგენელი გვეყოლება: გიორგი შერაზადიშვილი მე-2 რაუნდში ისრაელის წარმომადგენელ იაჰელი ლავის შეხვდება, ხოლო დიმიტრი გოჩილაძე – ფინელ ოსკარი მაკინენს.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში იმედა გოგოლაძე კონგოელ ოქტავ რეჯის გამბის გაეჯიბრება, ხოლო 100 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი ბერიაშვილი და ომარ საური დაიცავენ. პირველი სამხრეთკორეელ იონგჰონ ვონს დაუპირისპირდება, მეორე კი – პორტუგალიელ ჟოაო პირესს.

სათქმელია, რომ საქართველოს მსგავსად, პორტუგალიის გრან პრიზე სხვა ქვეყნებსაც გადახალისებული შემადგენლობები ჰყავთ ჩაყვანილი, თუმცა, ალმადაში რამდენიმე სახელოვან ძიუდოისტს მაინც ვიხილავთ. ხსენებული ანის გარდა, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი, ბელგიელი მატიას კასე და პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა უნდა გამოვარჩიოთ.

პორტუგალიური ტურნირი სტარტს 28 იანვარს აიღებს და პირველ დღეს მედლები ვაჟთა 60 და 66 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდება, 29-ში 73 და 81 კგ-ების ჯერია, 30-ში კი გამარჯვებულები 90, 100 და +100 კგ-ებში გამოვლინდებიან. ფინალური ბლოკი სამივე დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები