Thumbnail

ჯაბა დაბრუნდა! კანკავას 17 წელი, 100 მატჩი და 10 გოლი საქართველოს ნაკრებში   

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

"მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში" - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელმაც 35 წლის ასაკში სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. თუმცა თითქმის 900-დღიანი პაუზის შემდეგ ის ისევ ბრუნდება! ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანეს მატჩში უკვე 38 წლის კანკავა გაამაგრებს საყრდენ ზონას.

ის ეროვნული გუნდის რიგითი ფეხბურთელი არ ყოფილა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯაბა კანკავა ის ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ითამაშა და ის მეორე იყო ვინც ეს შეძლო ლევან კობიაშვილის შემდეგ. გუნდში ყველაზე დიდხანს იყო; ყველაზე მეტჯერ გაიყვანა გუნდი კაპიტნის სამკლაურით და... ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი მიიღო. 

გთავაზობთ საინტერესო სანაკრებო ფაქტებს ნაკრების აწ უკვე ყოფილ კაპიტანსა (სანიოლის გადაწყვეტილებით, გუნდის კაპიტნად ისევ გურამ კაშია დარჩება) და რეკორდსმენზე.

სანაკრებო ფაქტები ჯაბა კანკავაზე

🟠 ჯაბა კანკავა დიდი ალბათობით, ზუსტად 894-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში.

🟠 ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. ეს ლევან კობიაშვილთან ერთად მეორე საუკეთესო მაჩვენებელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში. პირველი გურამ კაშიაა - 110 მატჩი.

🟠 ჯაბა კანკავას სანაკრებო კარიერა 17 წელს გაგრძელდა - 6 240 დღე. ეს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, ჯაბამ ერთი წლით გადაუსწრო მანამდე რეკორდსმენ ზურაბ ხიზანიშვილს.

🟠 ჯაბა კანკავას დებიუტი ეროვნულ გუნდში 2004 წლის 8 სექტემბერს შედგა 18 წლის, 5 თვისა და 21 დღის ასაკში. მაშინ ნაკრების მწვრთნელი ფრანგი ალენ ჟირესი იყო. ჯაბა ალბანეთთან 2:0 მოგებულ მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში შეცვლაზე შევიდა და 32 წუთი ითამაშა.

🟠 ჯაბამ ბოლო სანაკრებო მატჩი 2021 წლის 9 ოქტომბერს გამართა, კაპიტნის სამკლაურით. საქართველო მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა. მწვრთნელი კვლავ ფრანგი იყო - ამჯერად, ვილი სანიოლი.

🟠 2021 წელს ჯაბას ჰქონდა შანსი, ეროვნული ნაკრების ერთპიროვნული რეკორდსმენი გამხდარიყო კეპების რაოდენობით, მაგრამ 11 ნოემბერს ვილი სანიოლმა ის შვედეთთან მატჩში მოედანზე არ შეიყვანა (სათადარიგო იყო).

🟠 როგორც პირველ, ასევე ბოლო მატჩებში ჯაბამ ყვითელი ბარათი მიიღო. მის ანგარიშზე 34 ყვითელი ბარათია ეროვნულ ნაკრებში, აქედან 2 ორი ისეთი ყვითელი ბარათი, რომელთაც გაძევება მოჰყვა. პირდაპირ წითელი ჯაბას ნაკრებში არ მიუღია. ყვითელი ბარათების რაოდენობითაც კანკავა ნაკრების რეკორდსმენია. 

🟠 საყრდენი ნახევარმცველი 2012 წლიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო, პირველი მატჩი 1:0 ბელარუსთან. მან კაპიტნის რანგში ზურაბ ხიზანიშვილი შეცვალა. ჯაბამ ნაკრები კაპიტნის სამკლაურით 62-ჯერ გაიყვანა, რაც ასევე საქართველოს ნაკრების რეკორდია.

🟠 ჯაბა კანკავამ ნაკრებში 100 მატჩში 10 გოლი (5 საგოლე პასი) გაიტანა. ეს მე-9 შედეგია ეროვნულ გუნდში, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის ბრწყინვალე შედეგია. მასზე წინ მყოფებიდან მხოლოდ ლევან კობიაშვილი (12 გოლი) არ იყო შემტევი ნახევარმცველი ან ფორვარდი. განსაკუთრებით გამოვყოფთ ჯაბას გოლებს ხორვატიისა (2011 წ) და გერმანიის (2015) ნაკრებების კარში.

🟠 ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში 76 ოფიციალური მატჩი ითამაშა და ამით ის ნაკრების ერთპიროვნული რეკორდსმენია. 10-დან 7 გოლი მან ოფიციალურ მატჩებში გაიტანა.

🟠 ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში 100-დან 80 მატჩი შეუცვლელად ითამაშა და ამით მხოლოდ გურამ კაშიას და ლევან კობიაშვილს ჩამორჩება.

🟠  მან სულ 8 327 წუთი ითამაშა ნაკრებში - ნაკრების მესამე შედეგი.

🟠 ჯაბა კანკავამ ნაკრებში 30 მატჩი ჩაატარა, როგორც დნიპროს (უკრაინა) ფეხბურთელმა, 23 ტობოლის (ყაზახეთი) ფეხბურთელის რანგში, 16 - რეიმსის (საფრანგეთი). 

🟠 აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისის ფეხბურთელის რანგში ჯაბამ მხოლოდ 1 მატჩი ითამაშა ეროვნულ ნაკრებში (სადებიუტო). 

🟠 წლების მიხედვით ყველაზე მეტი, 8-8 მატჩი ნაკრებში ჯაბამ 2006, 2015, 2017, 2018 და 2019 წლებში ითამაშა. 

🟠 სანაკრებო კარიერაში ჯაბამ ყველაზე მეტი გოლი მალტას გაუტანა - 3, გიბრალტარს -2, თითო ყატარს, ანდორას, ხორვატიას, გერმანიასა და ლატვიას. 

🟠 იმ ასი მატჩიდან, რომლებიც ჯაბამ ითამაშა, საქართველოს ნაკრებმა 34 მოიგო, 19 ფრედ დაასრულა და 47 წააგო. ბურთების შეფარდება 113:128.

კომენტარები

ბოლო ამბები