Thumbnail
  • ბარტი 6:1, 6:3 კიზი | კოლინზი 6:4, 6:1 შვიონტეკი
  • ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა ბადის ნახევარფინალები გაიმართა

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა ტურნირის ფინალისტთა ვინაობა გაირკვა და ადგილობრივი პუბლიკისდა სასიხარულოდ, მასში მონაწილეობას მასპინძელი ჩოგბურთელიც მიიღებს: მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი ტიტულისთვის ბრძოლაში ამერიკელ დანიელ კოლინზს დაუპირისპირდება.

25 წლის ბარტი გადამწყვეტ მატჩამდე ისე მივიდა, ტურნირზე სეტიც კი არ წაუგია და კორტზე მხოლოდ 6 საათი და 6 წუთი გაატარა. ნახევარფინალში ის ამერიკელ მედისონ კიზს დაუპირისპირდა და საათზე ოდნავ მეტ დროში 6:1, 6:3 სძლია.

საინტერესოა, რომ აუსტრალიან ოუფენის მიმდინარე გათამაშებაში ეშლის სეტში ოთხ გეიმზე მეტი არ დაუთმია (ჯამში 21 გეიმი), მისი ყველაზე ხანგრძლივი თამაში კი მხოლოდ საათსა და 14 წუთს გაგრძელდა: მერვედფინალში 6:4, 6:3 ამერიკელ ამანდა ანისიმოვასთან.

“ეს უბრალოდ საოცრებაა. ავსტრალიის ღია პირველობა ძალიან მიყვარს და აქ თამაში ერთი სიამოვნებაა. ავსტრალიელი ვარ და ვხვდები, მაგრად გაგვიმართლა, რომ დიდი სლემის ტურნირების ერთ-ერთი მასპინძლები ვართ. მიხარია, რომ საუკეთესო ჩოგბურთს სწორედ საშინაო შეჯიბრზე ვაჩვენებ. ტიტულისთვის ბრძოლის შასი მომეცა და ეს არარეალური გრძნობაა”, - განაცხადა ნახევარფინალის შემდეგ ბარტიმ, რომელიც დიდი სლემის ტურნირის ფინალში მესამედ გავიდა (პირველად, ჰარდზე), წინა ორ შემთხვევაში კი, ტიტულსაც იგებდა: 2019 წელს როლან გაროსზე და 2021 წელს – უიმბლდონზე.


თუკი ეშლის ფინალში ბევრი ელოდა, ნამდვილად ძნელად პროგნოზირებადი იყო ამ ეტაპამდე კოლინზის მისვლა. 28 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი მელბურნში მხოლოდ 27-ე ნომრად იყო განთესილი და ორ შემთხვევაში გავარდნასთან ძალიან ახლოს იყო (დანიელ კლარა ტაუსონთანა და ბელგიელ ელიც მერტენსთან სეტებში ჩამორჩებოდა), თუმცა, ფინალში მაინც გააღწია.

დღეს, კოლინზი ფავორიტად მიჩნეულ პოლონელ იგა შვიონტეკს გაეჯიბრა და მოულოდნელად იოლად იმარჯვა – 6:4, 6:1 მხოლოდ საათსა და 18 წუთში. დანიელს 7 ეისი და 27 ვინერსი ჰქონდა, ამდენად, 13 უნებლიე შეცდომას მისთვის ხელი აღარ შეუშლია.


ცნობისთვის, კოლინზი დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა, აქამდე კი, მისი საუკეთესო შედეგი ნახევარფინალი იყო ავსტრალიაშივე, 2019 წელს. უკვე ცნობილია, რომ ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, დანიელი მსოფლიოს მე-10 ჩოგანი გახდება.

ქალთა ტურნირის ფინალი მელბურნში 29 იანვარს შედგება და ბარტი აშკარა ფავორიტი იქნება, რადგანაც რანგის გარდა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკელ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს ამარცხებს. შეგახსენებთ, რომ ტიტულის მოქმედი მფლობელი იაპონელი ნაომი ოსაკაა, რომელმაც შარშანდელ ფინალში კიდევ ერთ მოულოდნელ ამერიკელ ფინალისტ ჯენიფერ ბრეიდის 6:4, 6:2 სძლია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები