Thumbnail
  • სერენი 2:1 ბეერსხოტი 
  • გიორგი მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ბელგიის ჟუპილერ ლიგის 24-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის სერენმა უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მოუგო უშუალო კონკურენტ ბეერსხოტს - 2:1. ამ შეხვედრაში გოლით თავი 21 წლის ქართველმა ფორვარდმა გამოიჩინა.

მე-40 წუთზე ბერნიემ მასპინძლებს პენალტი მოუპოვა, რომელიც მიქაუტაძემ გოლად აქცია. 49-ე წუთზე სტუმარმა შანკლანდმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 8 წუთში მიქაუტაძემ ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა მაზიზმა გატანა შეძლო და სერენი ისევ დაწინაურდა. 

64-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალე სოლო-რეიდი მოაწყო ბეერსხოტის კართან, მაგრამ სტუმართა მეკარემ უკანასკნელ წამს ფეხით გადაარჩინა გუნდი. 70-ე წუთზე მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.


სერენმა ოფიციალურ მატჩებში 8-მატჩიანი წაგებათა სერიის მერე მოიგო. გიორგიმ ოფიციალურ მატჩებში 30 ნოემბრის მერე პირველად გაიტანა. სერენს 22 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, ბეერსხოტს უკვე 10 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ ბოლოადგილოსანი პირდაპირ ვარდება, მე-17 ადგილზე გასული გუნდი კი პლეი აუთში ითამაშებს. ჟუპილერ ლიგის სეზონში ეს მიქაუტაძის მე-8 გოლია. სულ ამ სეზონში გიორგის ანგარიშზე 12 გოლია 22 მატჩში. 

Le Soir-მა მიქაუტაძეს ერთ თანაგუნდელთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა - 7.5. DH-მ 10-ბალიანი სისტემით ქართველ ფორვარდს 8 ქულა დაუწერა. sporza.be-მ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ბელგიური მედია წერს, რომ მიქაუტაძემ ბეერსხოტს ქვედა ლიგის საგზური "გამოუწერა". 

whoscored.com-ის მიხედვითაც, გიორგი მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშეა 8.0 შეფასებით. მან მეტოქის კარისკენ 7-ჯერ დაარტყა (3 ზუსტი, 1 ძელი), გააკეთა ერთი პასი, რომელსაც წესით, გოლი უნდა მოყოლოდა; მოიგო 2 საჰაერო დუელი; განახორციელა 3 წარმატებული დრიბლინგი.

კომენტარები

ბოლო ამბები