Thumbnail

ექვსი ერის ორგანიზაცია არ იცვლის დამოკიდებულებას ტურნირის ფორმართან დაკავშირებით - ექვსი ერი (ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანებში) არ შეიცვლება! ტურნირს მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა არ დაემატება მე-7 მონაწილედ; არც აღზევება/გავარდნის სისტემა ამოქმედდება, რომელიც შანსს მისცემს საქართველოს ნაკრებს, მუდმივ აუტსაიდერ იტალიასთან გაარკვიოს 6 ერის საგზურის მფლობელის ვინაობა. ეს იმის მიუხედავად, რომ იტალიის ნაკრებს ტურნირზე 32-მატჩიანი (!) წაგებათა სერია აქვს, რომ იტალიამ ბოლო 40 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო...

მას მერე, რაც იტალია 5 ერის ორგანიზაციაში მე-6 წევრად მიიღეს, ტურნირზე ფორმატი არ შეცვლილა. ბოლო წლებია, რაც მედიაში ბევრს წერენ საქართველოს დამატების (ან პლეი ოფის შემოღების) ვარიანტზე, სპეციალისტები, მედია და მორაგბეებიც ძირითადად დადებითად აფასებენ ცვლილებებს, მაგრამ ოფიციალური 6 ერი პოზიციას არ იცვლის და არც აპირებს.

6 ერის ორგანიზაციის შეფს, ბენ მორელს დღეს სპეციალურად დაუსვეს კითხვა ცვლილებებთან დაკავშირებით:

ბენ მორელი (6 ერის აღმასრულებელი დირექტორი): "იტალიელთა ბოლოდროინდელი შედეგები პირველ რიგში, თავად იტალიელებს არ მოსწონთ. ამავე დროს, მათ ჰყავთ ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეები, ისინი რეგულარულად კარგად ასპარეზობენ 20-წლამდელთა დონეზე. მათ კარგად ესმით, რომ მეტია საჭირო და ამისთვის ძალებს არ იშურებენ. 

არა მგონია, რომ აქ საკითხი ვინმეს ნდობაზე იყოს. იმისთვის, რომ უფრო კარგად განვითარდნენ სხვა ერები, მიმაჩნია, რომ ამისთვის კარგი იქნებოდა ივლისისა და ნოემბრის საერთაშორისო ფანჯრების უკეთესად დაგეგმვა, ეს ახლა პრიორიტეტია. რაც შეეხება აღზევება/გავარდნის სისტემას ექვს ერში, ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

წელს იტალიას სამი საგარეო მატჩი აქვს, ესეც უნდა გავიგოთ, მაგრამ ამ გუნდს ახალგაზრდული, საინტერესო შემადგენლობა ჰყავს. მათ კარგად იციან, რა სჭირდებათ და აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა". 

კომენტარები

ბოლო ამბები