Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძემ ბილბაო ბასკეტთან მატჩში მხოლოდ 04:36 წუთი ითამაშა
  • 28 წლის კალათბურთელის გამოჯანმრთელების ვადები, ჯერჯერობით, უცნობია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ბეტისის 28 წლის ფორვარდი ბექა ბურჯანაძე ესპანური ლიგა ენდესას ბოლო ტურის მატჩში დაშავდა და შესაძლოა, თებერვლის ბოლოს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშებს დააკლდეს.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ბეტისელები ბილბაო ბასკეტს დაუხვდნენ და მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ 10 ქულით იგებდნენ, საბოლოოდ, 71:88 დამარცხდნენ. ამ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 04:36 წუთი ითამაშა და 2 ქულის ჩაგდება მოასწრო, რის შემდეგაც მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ბექა ბურჯანაძე ბილბაო ბასკეტთან მატჩის წინ

როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ტრავმიანობაა. ბეტისელთა პრესსამსახურის ცნობით, ბურჯანაძეს აქილევსის მყესი აწუხებს და წვივის კუნთიც დაზიანებული აქვს, რის გამოც საწვრთნელ პროცესს ჩამოშორებული გახლავთ. თუ როდის დაუბრუნდება ბექა კალათბურთს, მისი გამოჯანმრთელების ტემპებზე იქნება დამოკიდებული.

ეს ცუდი ამბავია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც მომავალ თვეს მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო თამაშები უნდა ჩაატაროს. ილიას ზუროსის მიერ გაწვრთნილ გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიელებთან 2 მატჩი ელის: 24 თებერვალს – თბილისში და 27-ში – სკოპიეში.

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძე გამოძახებული იყო გასული წლის ნოემბერში პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრისთვისაც და მაშინ საკმაოდ შედეგიანად ითამაშა. შინ უკრაინასთან მოგებულ მატჩში (88:83) 29:09 წუთში 11 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ესპანეთში წაგებულ შეხვედრაში (61:89) კი 36:45 წუთში 14 ქულას 5 მოხსნა წაამატა.

კომენტარები

ბოლო ამბები