Thumbnail
  • შოთა არველაძე ინგლისური ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
  • პირველ ეტაპზე პრიორიტეტი ჩემპიონშიპში ადგილის შენარჩუნებაა
  • ჰალს შეტევაში უჭირს და ტრადიციულ, ბრიტანულ სტილში თამაშობს
  • არველაძეს უნარი აქვს, გუნდს გაუძღვეს და მის ლიდერად იქცეს

შოთა არველაძე ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია. ამჯერად იგი თავის სამწვრთნელო კარიერას ინგლისში, ჩემფიონშიპის ჰალ სიტიში გააგრძელებს. ამ ამბის მნიშვნელობა კარგად რომ გავიგოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონშიპში წარმატებული მუშაობა პრემიერლიგის კარს ხსნის.

თურქეთიდან, ისრაელიდან ან უზბეკეთიდან პრემიერლიგაში ვერაფრით მოხვდები - არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგებს მიაღწიე ქაისერისპორთან, მაკაბისთან ან ფახთაქორთან ერთად. ჩემპიონშიპი კი ის დივიზიონია, რომელიც პრემიერლიგას სტაბილურად ამარაგებს როგორც ფეხბურთელებით, ასევე მწვრთნელებით. დინამო თბილისიდან წასული ჩისკო თავის უოტფორდთან ერთად სწორედ ჩემპიონშიპიდან მოხვდა პრემიერლიგაში და ახლაც იქ იმუშავებდა, რომ არა კლუბის ხელმძღვანელობის არასწორი გადაწყვეტილება. ჩისკოს უოტფორდი ნორმალურად მიდიოდა, როდესაც იგი უფრო სახელიანი კლაუდიო რანიერით ჩაანაცვლეს. თუმცა, უშედეგოდ - თამაშიც და შედეგებიც მხოლოდ გაუარესდა. რანიერი იქით იყოს, ჩვენ არველაძის ამბავი უფრო გვაინტერესებს.

შოთა არველაძის პირველი ფოტო 'ახალ სახლში'

საწყის ეტაპზე ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ დეტალებზე საუბარი რთული კი არა, პრაქტიკულად შეუძლებელია. სურათს უფრო გლობალურად უნდა შევხედოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შოთის კლუბის მფლობელების და მენეჯმენტის სრული მხარდაჭერა ექნება. ჰალი ახალი მფლობელებით ახალ პროექტს იწყებს და ამ პროექტს შოთას აბარებენ. მათი კაცია.

პირველადი ამოცანა ჩემპიონშიპში ადგილის შენარჩუნებაა. ჰალი გასავარდნ ზონას 9 ქულით უსწრებს. გასავარდნ ზონაში მყოფი პიტერბოროს გარდა, ჰალს ქვემოთ არიან კარდიფი და რედინგი. შოთას მთლად მშვიდ ვითარებაში არ მოუწევს მუშაობის დაწყება, თუმცა ჰალს ძალიან დიდი შანსი აქვს, ადგილი რომ შეინარჩუნოს. თავისი გუნდის შენებას კი არველაძე სავარაუდოდ უკვე ზაფხულიდან დაიწყებს. იანვრის სატრანსფერო ფანჯარა იხურება და საეჭვოა, ჰალმა ახლა მნიშვნელოვნად გაძლიერება მოახერხოს. ყველა შემთხვევაში, შოთას მოუწევს, რომ ძირითადად არსებულ ბირთვს დაეყრდნოს.

ჰალს აშკარად უჭირს შეტევა და გოლები. 27 თამაშში გუნდს მხოლოდ 23 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ უიმედო ბოლოადგილოსან ბარნსლის აღემატება. ხუთ გოლზე მეტი ამ სეზონში არცერთ მოთამაშეს არ გაუტანია. სამაგიეროდ, 31 გაშვებული გოლით ჰალი ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლო 12 გუნდს შორის მხოლოდ ორს აქვს უკეთესი შედეგი. შედარებისთვის, იგივე პიტერბოროს 53 გოლი აქვს გაშვებული.

ჩემპიონშიპის გუნდები ფონს ტრადიციული, ბრიტანული ფეხბურთით გადიან - ბევრი ბრძოლა და სირბილი, გრძელი პასები, სტანდარტები და მაღალი ტემპი. ჰალიც ტრადიციულ ბრიტანულ სტილში თამაშობს. გუნდს მხოლოდ ორი არაბრიტანელი მოთამაშე ჰყავს - ავსტრალიელი კალუმ ელდერი და ირლანდიელი შონ მაკლაფინი. ორივე მათგანის არაბრიტანელობა მხოლოდ პოლიტიკური და ფორმალური საკითხია. საფეხბურთო მონაცემებით ისინიც ბრიტანულ სტილს მიეკუთვნებიან. ჰალის სათამაშო სტილს ერთი სტატისტიკური დეტალი განმარტავს - ძირითადის სტაბილურ მოთამაშეებს შორის არცერთს არ აქვს ზუსტი პასების 80 პროცენტი და მეტი. რა შეუძლია გააკეთოს ამ ეტაპზე არველაძემ?

'მასთან ერთად ვერ მოეშვები და ხელებს ვერ ჩამოუშვებ. მწვრთნელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია'

მწვრთნელობა მხოლოდ ტაქტიკა და ვარჯიში არ არის. პირველ რიგში, ეს ადამიანების მენეჯმენტია, მართვის უნარი. თომას ტუხელმა ჩელსიში დანიშვნის შემდეგ, კითხვაზე, თუ რას მისცემდა იგი პირველ რიგში ჩელსის, ასეთი რამ თქვა: "კარგ ატმოსფეროს. მეგობრულ, გულწრფელ და კარგ ატმოსფეროს, რათა ყოველდღე ყველას უხაროდეს გუნდში მოსვლა."

კომუნიკაცია შოთას ძლიერი მხარეა. ყველა იმ გუნდში, სადაც კი ყოფილა, მოთამაშედ თუ მწვრთნელად, მუდამ გუნდის ლიდერი და წინამძღოლი იყო - პირველ რიგში თავისი ხასიათის და კომუნიკაციის უნარის გამო. რასაც აკეთებს, ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით, ემოციით და რწმენით - მასთან ერთად ვერ მოეშვები და ხელებს ვერ ჩამოუშვებ. მწვრთნელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ვან გაალის ალკმაარში, თავისი კარიერის მიწურულს, შოთა თითქოს მოთამაშე-მწვრთნელივით იყო. 

შოთა არველაძე უფრო მენეჯერის ტიპია, ვიდრე ტაქტიკურ დეტალებზე ჩაციკლული მწვრთნელი. აქვს უნარი, რომ მთელ კლუბს გაუძღვეს. ბრიტანულ ფეხბურთში ეს ასე ხშირად ხდება. მწვრთნელისგან უფრო მენეჯმენტის, კლუბის გაძღოლის უნარს ითხოვენ, ვიდრე ინოვაციურ ვარჯიშებს და ახალ ტაქტიკურ დეტალებს. პრემიერლიგის ინტერნაციონალიზაციამ ამ კუთხით ბევრი რამ შეცვალა - ახლა აქ ტუხელი, გვარდიოლა, კლოპი და სხვები მუშაობენ. ანუ, ინტერნაციონალური ლიგაა. ჩემპიონშიპში კი ბრიტანული მოდელი ისევ მყარად არის შენარჩუნებული.

იმ ეტაპზე, როცა შოთას შუა სეზონში უწევს უკვე გამზადებული გუნდის ჩაბარება, მისგან პირველ რიგში გუნდის გაძღოლაა საჭირო - სწორი სამუშაო ატმოსფეროს შექმნა იმისთვის, რათა ყველა მოთამაშეს ჰქონდეს იმის სურვილი და შესაძლებლობა, რომ თავისი თავის მაქსიმუმი აჩვენოს. სათქმელად ეს თითქოს იოლია, პრაქტიკაში კი - ბევრად რთული. ყველა წინა კლუბში შოთას ეს გამოსდიოდა. ტრაპზონიდანაც კი ისე წამოვიდა, რომ არცთუ ისე კარგი შედეგების მიუხედავად, პიროვნულად მასთან კითხვები არავის ჰქონია.

'შოთას ეს წესით უნდა გამოუვიდეს. ის საერთაშორისო კაცია, მსოფლიოს მოქალაქე'

ზემოთ ჰალის და ჩემპიონშიპის ბრიტანული ხასიათი ვახსენე. ამ კულტურულ გარემოში უცხოელისთვის ინტეგრაცია იოლი არ არის. შოთას ეს წესით უნდა გამოუვიდეს. ის საერთაშორისო კაცია, თავისებურად მსოფლიოს მოქალაქე და სადაც არ ყოფილა, იქნებოდა ეს შოტლანდია, თუ შორეული უზბეკეთი, ინტეგრაციის და გათავისების პრობლემა არასოდეს ჰქონია. თანაც, რეინჯერსული გამოცდილების შემდეგ, ის ბრიტანულ საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო კულტურას კარგად იცნობს. გლაზგოში შოთა უყვარდათ და პატივს სცემდნენ, ისიც ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებს ხოლმე თავისი კარიერის რეინჯერსულ მონაკვეთს.

ჰალთან ერთად ახალი, დიდი თავგადასავალი იწყება. ეს არის დიდი გზის დასაწყისი. იმ გზის, რომელიც პრემიერლიგაში შეიძლება გაგრძელდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები