Thumbnail
  • ნეიმარზე გადაღებული ფილმი Netflix-ზე უკვე ხელმისაწვდომია
  • სერიალში ბრაზილიელის მამა და ლიონელ მესიც საუბრობენ

პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელ სუპერვარსკვლავ ნეიმარზე 6-ნაწილიანი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, რომელიც Netflix-ზე უკვე ხელმისაწვდომია. ფილმის სათაური ნეიმარის კარიერის შესაბამისია: “სრულყოფილი ქაოსი.”

ფილმზე კომპანია Uninterrupted მუშაობდა - ეს NBA-ს სუპერვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსისა და მისი პარტნიორის, მავერიკ კარტერის ფირმაა. ფილმში ნაჩვენებია, როგორ იშოვა ნეიმარმა 14 წლის ასაკში პირველი მილიონი, მოყოლილია მისი ისტორია და, რა თქმა უნდა, ნაჩვენებია ბრაზილიელის დღევანდელი რეალობაც.

თვითონ ფეხბურთელი ფილმში ამბობს, რომ მისი ორი ვერსია, ორი სახე არსებობს: “ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის მე ბეტმენი ვარ, მაგრამ ვინც არ მიცნობს, მათთვის ჯოკერი ვარ.”

ბრაზილიელი იმაზეც გულახდილად საუბრობს, რაოდენ სწრაფად განვითარდა მის კარიერაში ყველაფერი, რა აწუხებდა და რა უხაროდა: “ძალიან პატარა ასაკში გავხდი პოპულარული, ცნობილი და მდიდარი. ჩემი ცხოვრება უფრო მშვიდი რომ ყოფილიყო, ალბათ მეც უფრო მშვიდი ვიქნებოდი. ჩემს შემთხვევაში კი მშვიდად ყოფნა რთულია. მე ფეთქებადი ვარ.”

ფილმში ნეიმარის მამა ყვება: “მან 2010 წელს ფეხბურთის თამაშით 500 000 დოლარი მიიღო, ჩვენ კი იმ წელს ჯამში 11 მილიონი მივიღეთ. 20-ჯერ უფრო მეტი შემოსავალი გვქონდა, ვიდრე მხოლოდ ფეხბურთის თამაშით.”

ნეიმარის მამა ფილმში ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერსაც იხსენებს: “ჩემს შვილს ბარსა იმიტომ არ დაუტოვებია, რომ ეს მე მინდოდა. თავისი კომფორტის ზონაში იყო და მისი დატოვება მოინდომა. მითხრა, რომ ამ რისკზე წასვლა სურდა.”

უფროსი ნეიმარი იმასაც ამბობს, რომ ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერს არაფერი ჰქონდა საერთო იმ გავრცელებულ მოსაზრებასთან, თითქოს ბრაზილიელს ლიონელ მესის ჩრდილიდან გამოსვლა უნდოდა: “ნეიმარს ლეო ძალიან უყვარს და აფასებს.”

ფილმში თვითონ მესიც საუბრობს და ამბობს, რომ ნეიმარს მისთვის ბარსადან პსჟ-ში ტრანსფერის მიზეზი კარგად არასდროს აუხსნია…

კომენტარები

ბოლო ამბები