Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია VTB ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ითამაშებს. 30 წლის კალათბურთელი "მსოფლიოს ვარსკვლავების" გუნდის ღირსებას დაიცავს.

VTB ლიგის 2022 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 20 თებერვალს, მოსკოვში, "ვითიბი-არენაზე" გაიმართება. ერთმანეთს რუსეთისა და მსოფლიოს ვარსკვლავების გუნდები დაუპირისპირდებიან. 

ლიგამ შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორ ეტაპად, გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ჩატარდა. ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, რომელიც ახლახან დასრულდა, თორნიკემ 21 ხმა მიიღო და "მსოფლიო ვარსკვლავების" წინა ხაზის მოთამაშეებში, მეორე ადგილზე გავიდა მარიო ჰეზონიას (25) შემდეგ.  

თითოეულ გუნდში 10 მოთამაშე მოხვდა - 5 მცველი და 5 წინა ხაზის მოთამაშე. გუნდში არ შეიძლებოდა ერთი კლუბის ორზე მეტი კალათბურთელის შეყვანა. ცნობილია, რომ ლიგა თითოეულ გუნდს კიდევ 2 მოთამაშეს, "უაილდ ქარდით" დაუმატებს და საბოლოოდ გუნდები 12-12 მოთამაშით დაკომპლექტდება. 
 
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას 2020 წლის ზაფხულიდან იცავს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა VTB-ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მიწვევა 2021 წელსაც მიიღო, მაგრამ მაშინ თამაშის საშუალება ტრავმამ არ მისცა და ის სხვა მოთამაშით შეცვალეს. 

მოსკოვის ცსკა-მ VTB-ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 12 მატჩიდან 9 მოიგო და სატურნირო ცხრილში მხოლოდ უნიკს-ს (10 მოგება, 2 წაგება) ჩამორჩება. ქართველმა ფორვარდმა ლიგის 9 შეხვედრაში ითამაშა და მისი სტატისტიკა საშუალოდ 19.3 წუთში 11.2 ქულა, 4.1 მოხსნა და 3.1 პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები