Thumbnail

აბსოლუტურად თამამად ვიტყვით, რომ ეს წლის და სეზონის ‘ქამბექია’ - ასეთები ათასში ერთხელ კი არა, 16 239-ში ერთხელ ხდება!

ლოს ანჯელეს კლიპერსი ვაშინგტონთან პირველ ტაიმში 35 ქულითაც კი აგებდა, მეორე ტაიმის დაწყებამდე კი სხვაობა 30 ქულას შეადგენდა და მიუხედავად ამისა, კალიფორნიელებმა ეს თამაში მოიგეს. NBA-ს ისტორიაში ეს მეორე ყველაზე დიდი ქამბექია - მხოლოდ იუტამ “ამოუქაჩა” ამაზე მეტი (ზუსტად: 36 ქულა) დენვერს 25 წელზე მეტის წინ.

თამაშის ბოლო 10 წამი კი სრული სიგიჟე გამოვიდა, რადგან ვაშინგტონი ჯერ კიდევ 6 ქულით იგებდა. თითქმის ლოგოდან ნასროლი სამქულიანით ლუკ კენარდმა კლიპერსს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა. შემდეგ კი, ვაშინგტონელებმა 5 წამში ვერაფერი მოახერხეს. ამის ნაცვლად, კლიპერსმა კიდევ ერთი შანსი მიიღო და საფინალო სირენამდე 1,9 წამით ადრე, იმავე კენარდმა, კიდევ ერთი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. ამაზე უფრო უკეთესი ამბავი კი ის იყო, მან ჯარიმის სროლის უფლებაც მიიღო და გუნდი წინაც გაიყვანა! კლიპერსმა მოიგო - მიუხედავად იმისა, რომ პაუზის შემდეგ რეჯი ჯეკსონის, ივიცა ზუბაცისა და ნიკოლას ბეიტუმის სახით სამ სტარტერს ასვენებდა.

ამ ისტორიული ქამბექის სახეები კენარდი (25 ქულა, 8/13), ამირ კოფი (29 ქულა, 10/21) და აიზეია ჰარტენშტაინი (16 ქულა, 6/12) იყვნენ. ვაშინგტონიდან საუკეთესოები ბრედლი ბილი (23 ქულა, 8/15, 9 მოხსნა) და კაილ კუზმა (19 ქულა, 12 მოხსნა) იყვნენ.

დაბოლოს, მთავარი დაუჯერებელი სტატისტიკური ამბავი ამ თამაშიდან: გუნდები, რომლებიც ბოლო 20 წელიწადში თამაშის დასრულებამდე 20 წამით ადრე მინიმუმ 7 ქულით აგებდნენ, 16 239 შემთხვევიდან 16 238 შემთხვევაში დამარცხდნენ. ანუ, კლიპერსი ერთადერთია, რომელმაც ამ პერიოდში ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა და მატჩის სათავისოდ შეტრიალება მოახერხა. სხვათა შორის, 2014 წლის 2 იანვარს დაახლოებით ასეთი რამ კლივლენდმაც მოახერხა ორლანდოსთან, თუმცა მაშინ კავალიერსმა თამაში ოვერტაიმში მოიგო...

მოკლედ, კლიპერსის ეს ამბავი წლის და სეზონის კი არა, ეს უფრო დიდი ‘ქამბექია’.

 

კომენტარები

ბოლო ამბები