Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ავთანდილ ასათიანმა პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ ილაპარაკა.

როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ადვილი თამაში არ არსებობს, ფეხბურთელები ki მზად არიან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი)

"ძალიან ძალისმიერი და ტექნიკურად კარგად გამართული გუნდია. ასევე, ხშირად იყენებენ მეკარის სახით მე-5 მოთამაშის უპირატესობას იყენებენ. რეიტინგს თუ გადავხედავთ, ჩვენზე წინ იმყოფება, საკმაოდ სერიოზული შედეგი აჩვენა შესარჩევ ეტაპზე, ასე რომ, საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე სუსტი მეტოქე გამორიცხულია. შესაბამისად, როცა ასეთ დონეზე თამაშობ, ყველა თამაში რთულია.

არ ვიცი, ბოსნია რა სიურპრიზს გვიმზადებს, მაგრამ ჩვენ ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ. ტაქტიკურად და ფსიქოლოგირად მზად ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მოედანზე ბრძოლისუნარიანობას. მესმის, რომ რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად.

ფსიქოლოგიურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, რადგან აქამდე მოვედით წნეხი თითქმის მოხსნილია. უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ზედმეტი დაძაბულობა არ იგრძნობა, პირიქით, გუნდში კარგი განწყობაა. ნამდვილად არ არის დაძაბულობა, მაგრამ დიდ პასუხისმგელობას ვგრძნობთ.

ჯგუფიდან გასვლისთვის საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეულ თამაშზე მაქსიმუმის გაკეთება. ასე რომ, ჯერჯერობით, კარგად მივდივართ, აზერბიაჯანთან თამაში დავიწყებულია და რატომაც არა, რომ ვიფიქროთ მეოთხედფინალზე? რეალობა გვანახებს, რომ შანსი გვაქვს მეოთხედფინალში ვითამაშოთ. თავიდან ეს რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ მიზნად დასახული მაინც გვქონდა. კარგი მუშაობაა საჭირო, ძალიან კარგი იქნება თუ საუკეთესო 8 გუნდს შორის მოვხვდებით. მთავარია, არ მოგვატყუოს იმან, რომ ბოსნიამ ესპანეთთან 1:5 წააგო. აშკარად ეტოყობოდათ, რომ ძალები დაზოგეს და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, რადგან სწორად მოიქცნენ. როგორც აზერბაიჯანთან, ახლაც იმავე განზრახვით უნდა გავიდეთ სათამაშოდ".

ზვიად კუპატაძემ მატჩის წინ ისაუბრა 
📸 | nakrebi.ge

პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე ახლდა, რომელმაც მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გადამწყვეტი ბრძოლისუნარიანობა იქნება:

ზვიად კუპატაძე: "სხვადასხვა ტაქტრიკური მონახაზით თამაშობენ, ბოსნიელებს უფრო ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, საერთოდ, სხვა თამაში გველის, ვიდრე აზერბაიჯანთან გვქონდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკური ბრძოლის მოგებას და ეს ფუტსალში ძალიან დიდი უპირატესობაა, ბრძოლაში არ უნდა წავაგოთ, 5-4-ზე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, შანსი თანაბრია და ყველაფერს სათამაშო ნიუანსები გადაწყვეტს, ვემზადებით, ყველაფერი ხვალ გამოჩნდება. ტიპური ბალკანური გუნდია, 1-2 ტექნიკური მოთამაშე ჰყავს, მაგრამ ძალიან უყვართ 5-4-ზე თამაში. განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდები, მთავარია, რომ მწვრთნელის მონახაზი ბიჭებმა შევასრულოთ და ვფიქრობ, ჩვენთვის კარგი თამაში იქნება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში აზერბაიჯანის ნაკრებს 3:2 მოუგო, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინამ ესპანეთთან 1:5 წააგო. ამგვარად, გამარჯვების შემთხვევაში ასათიანის გუნდი 1/4-ფინალის საგზურს დიდი ალბათობით გაიფორმებს (ესპანეთმა აზერბაიჯანთან არ უნდა წააგოს), ფრის შემთხვევაში კი პლეი ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

📅 26 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
ბოსნია-ჰერცეგოვინა V საქართველო

📅 29 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
საქართველო V ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები