Thumbnail

შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიპის კლუბის, ჰალ სიტის ახალი მთავარი მწვრთნელია. მას მერე, რაც თურქმა ინვესტორმა აჯუნ ილიჯალიმ ჩრდილოინგლისური კლუბი შეიძინა, მან ჰალ სიტის მწვრთნელი გრანტ მაკანი გაუშვა და ძველი მეგობარი შოთა არველაძე მიიწვია. Football League World მიიჩნევს, რომ ქართველი სპეციალისტი ახალ გუნდში სულ მცირე ორი დილემის წინაშე დადგება...

"ძალზე წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ, 48 წლის სპეციალისტს ხუთი კლუბი ჰყავს გაწვრთნილი, 3 თურქეთში და თითო ისრაელსა და უზბეკეთში. როგორ აისახება ეს გამოცდილება ჩემპიონშიპში, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა ნამდვილად არის დამაფიქრებელი თემები ამ დანიშვნის ირგვლივ, რომელიც სხვადასხვანაირად გამოიკვეთა მეორე დონის ინგლისურ ფეხბურთში. ბოლო ორი თვის განმავლობაში "ვეფხვები" შესანიშნავ ფორმაში არიან, რამაც შესაძლოა, არველაძეს გუნდში სადავეების აღებაში პრობლემები შეუქმნას. ჩვენ აქ განვიხილავთ იმ დილემებს, რასაც შეიძლება მაკანის შემცვლელი არველაძე ჰალში გადაეყაროს", - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა მიიჩნევს, რომ შოთა არველაძე ძალიან კარგ მწვრთნელს ცვლის და მისგან ბევრს ელიან. შესაბამისად, ქართველის დილემაა, რამდენად აღმოჩნდება მზად ამ გამოწვევისთვის:

"2019/20 წლების სეზონის ბოლოს ჰალ სიტიმ საშინლად ითამაშა და რანგით მეორე ლიგაში ბოლო ადგილზე დაასრულა ტურნირი. გუნდში ყველაფერი ბუნდოვანი იყო, მაგრამ მაკანმა მინიმალური რესურსებით აჯობა სანდერლენდსა და ლინკოლნ სიტის და MKM სტადიონზე ჩემპიონშიპი დააბრუნა. 

ცუდი სტარტის მერე მან შეძლო და გუნდს ბოლო 11 მატჩში 6-ჯერ მოაგებინა, ორი მატჩი ფრედ დაასრულა და ახლა გუნდი გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებს. სულ მცირე, რასაც არველაძისგან მოითხოვენ, მაკანის კარგი საქმის ასევე კარგად გაგრძელება იქნება". 

მეორე დილემად Football League World მიიჩნევს გუნდის მცირე შესაძლებლობებს, შემადგენლობა ლიმიტირებულია.

"გუნდის აღორძინებაში ბაქსტერს, ბერნარდსა და ლონგმენს დიდი წვლილი მიუძღვით. ეს სამეული რომ არ იყოს, ხელში "ხანდაზმული" შემადგენლობა შეგრჩებათ, რომელსაც სიღრმე აკლია. კიდევ ვინ შეიძლება იყოს საინტერესო მოთამაშე? გრივსი და ლუის-პოტერი, სულ ეს არის...

ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორი სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება ჰალ სიტიში, მაგრამ ზაფხულში ძალიან ბევრი პოზიცია იქნება გასაძლიერებელი. მანამდე კი არველაძემ უნდა შეძლოს ამ გემის მართვა და გუნდს ჩემპიონშიპში ადგილი შეუნარჩუნოს. ილიჯალის ამბიციების ზღვარი სად გადის, უცნობია. ამას მაშინ გავიგებთ, როცა კლუბი გრივსა და ლუის-პოტერს ახალი წინადადებებით მიმართავს". 

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს დიდ ბრიტანეთში ნათამაშები აქვს - 2001-2005 წლებში გლაზგო რეინჯერსში ასპარეზობდა. მან კარიერა 2008 წელს დაასრულა, სამწვრთნელო კარიერა კი ალკმაარში ლუი ვან გაალის (შემდეგ რონალდ კუმანის და დიკ ადვოკაატის) ასისტენტად დაიწყო. მთავარი მწვრთნელის რანგში მან კაისერისპორი, კასიმფაშა, ტრაბზონსპორი, თელ ავივის მაკაბი და ფახთაქორი გაწვრთნა. 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არველაძე უკლუბოდაა.  

კომენტარები

ბოლო ამბები