Thumbnail

'მეგონა, მეტოქის გარდა, არბიტრსაც ვეთამაშებოდი' - შაპოვალოვი ნადალთან მატჩზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

22 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა დენის შაპოვალოვმა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ესპანელ რაფაელ ნადალთან წააგო, ემოციები ვერც მატჩის შემდეგ შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ თამაშის მიმდინარეობისას შაპოვალოვმა მთავარ მსაჯს მოსყიდული უწოდა და მისი კრიტიკა მოგვიანებითაც გააგრძელა. აი, რა უპასუხა დენისმა კითხვაზე, ითვლება თუ არა არბიტრებისთვის ნადალი პრივილეგირებულ მოთამაშედ:

“ცხადია, 100%-ით ასეა. ყველა სხვა მატჩში, რომლებიც აქ ჩავატარე, ტემპი ძალიან მაღალი იყო, რადგანაც მსაჯი საათს ყოველი გათამაშების შემდეგ მკაცრად აკონტროლებდა. იმას, რასაც რაფამ მიაღწია, პატივს ვცემ და არაჩვეულებრივ ჩოგბურთელადაც ვთვლი, თუმცა, ხომ უნდა იყოს რაღაც ზღვარი, ერთიანი წესები. ეს ძალიან საწყენია. გრძნობა გამიჩნდა, რომ მეტოქის გარდა, არბიტრსაც ვეთამაშებოდი”.

დენის შაპოვალოვი კოშკურის არბიტრ კარლოს ბერნარდესს მუდმივად ეკამათებოდა

ის, რომ რაფა კოშკურის მსაჯის მოთმინებას ბოროტად იყენებდა, დიდი სლემების ტურნირების 6-გზის გამარჯვებულმა, ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმაც დაადასტურა.

“თუკი მთავარი მსაჯი არსებულ წესს არ აკონტროლებდა, შაპოვალოვი მართალია. სერვერი აჩვენებს, ჩოგბურთელები თამაშს როდის უნდა დაუბრუნდნენ. აშკარა გახლდათ, რომ ნადალი 45 წამის განმავლობაში მომზადებას ვერ ასწრებდა. სხვა საქმეა, რომ რაფას, ისევე როგორც, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს განსაკუთრებული სტატუსი აქვთ. ვერ ვიტყვი, რომ მათ ეს არ დაიმსახურეს, თუმცა, ზოგადი წესები ყველასთვის ერთი უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მეოთხედფინალური დაპირისპირება 4 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და მართალია, შაპოვალოვმა ორსეტიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც ესპანელ ვარსკვლავს დარჩა – 6:3, 6:4, 4:6, 3:6, 6:3. აუსტრალიან ოუფენის ნახევარფინალში რაფაელის მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება, რომელმაც ფრანგ გაელ მონფილსს ასევე ხუთ სეტში აჯობა - 6:4, 6:4, 3:6, 3:6, 6:2.

კომენტარები

ბოლო ამბები