Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორია უკვე დაწერა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და თანაც მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ ტურში ფავორიტად მიჩნეული აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა - მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. ნაკრებმა მოახერხა და მასზე ბევრად გამოცდილ მეტოქეს აჯობა, რის შედეგადაც პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. აზერბაიჯანთან გამარჯვება უკვე ისტორიის კუთვნილებაა, წინ კი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია - თუ ქართველი ფეხბურთელები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მე-2 ტურშიც მოიგებენ, 1/4-ფინალის საგზურს დიდი ალბათობით, მოიპოვებენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეორე მატჩში აზერბაიჯანი ფავორიტ ესპანეთთან ვერ მოიგებს. ესპანელთა წაგების შანსი ნამდვილად დაბალია, ამდენად, საქართველოს გამარჯვება სავარაუდოდ, პლეი ოფში გაიყვანს.

ეს მატჩი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ბოლო ტურში საქართველოს ჯგუფისა მთლიანად ტურნირის ფავორიტ ესპანეთთან თამაში ელის და ამდენად, ბოსნიელებთან გამარჯვება ფასდაუდებელია.

რამდენად ძლიერია მეტოქე

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები საქართველოს მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია და შესარჩევი ეტაპი ბრწყინვალედ განვლო. პრესაკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიელებმა კვიპროსს, შვეიცარიასა და გიბრალტარს აჯობეს და 9 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია ფავორიტად ნამდვილად არ განიხილებოდა, მაგრამ ფურორი მოახდინა და ჯგუფური ტურნირი ძალიან დამაჯერებლად განვლო. 6 მატჩში ბოსნიელებმა 15 ქულა დააგროვეს (5 მოგება, 1 წაგება) და პირველ ადგილზე გავიდნენ, აჯობეს რა მეორეადგილოსან სერბეთს 6 ქულით.

ევრო 2022-ის პირველ ტურში, სადებიუტო მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინა ესპანეთის ნაკრებთან 1:5 დამარცხდა, მაგრამ ამ ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს - ესპანეთი უბრალოდ ძალიან ძლიერი გუნდია და ალბათ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტიც. ისიც ვთქვათ, რომ ბოსნიელთა რიგებში ბრაზილიელი ლეგიონერები არ არიან.

აზერბაიჯანთან საქართველომ ისტორიული თამაში მოიგო
📸 | nakrebi.ge

გზა ფინალურ ეტაპამდე

ფინალური ეტაპის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ის წინ საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა და რამდენიმე ტესტ-მატჩი გამართა. 15-16 იანვარს, საქართველომ ტაჯიკეთის ნაკრებს ორჯერ მოუგო და ორჯერვე დიდი ანგარიშით - 6:2, 10:1. მანამდე, დეკემბერში გამართა 4 სპარინგი (სერბეთთან 1:1, 4:3 და ყირგიზეთთან 2:2, 1:2), უფრო ადრე კი, სექტემბერსა და ოქტომბერში, ბელარუსთან ორჯერ ითამაშა (1:1, 1:0) და რუმინეთი 4:1 დაამარცხა. ერთი სიტყვით, ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ 9 ამხანაგური თამაში ჩაატარა, რაც ცოტა ნამდვილად არ არის - სამწვრთნელო შტაბს გუნდის იდეალურ კონდიციამდე მისაყვანად საკმარისი დრო ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ორი საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევა მოუწია. პირველი ეტაპის მატჩები 2020 წელს გაიმართა და ასათიანის გუნდმა ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებს აჯობა - 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ამრიგად, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც უკვე გაცილებით ძლიერი კონკურენტები ჰყავდა: რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი.

საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც ორ წრედ ჩატარდა, 2020 წლის მიწურულს დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდა. რუსეთი ჯგუფში აშკარა ფავორიტი იყო და ყველა თამაში მოიგო, მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში კი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს აჯობა. ასათიანის შეგირდებმა რუსეთთან ორივე თამაში წააგეს (0:4, 0:3), სომხეთს ორივე მოუგეს (5:0, 3:2), ხოლო კონკურენტ საფრანგეთთან პირველ ტურში სტუმრად ფრე ითამაშეს (4:4), მე-5 ტურში კი თბილისში გამარჯვება მოიპოვეს (3:2) და სწორედ მაშინ გაინაღდეს ფინალურ ეტაპზე თამაში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

საქართველოს ნაკრებისთვის ბოსნიასთან მატჩი გადამწყვეტია
📸 | nakrebi.ge

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. ტურნირს კიდევ 3 დებიუტანტი ჰყავს და ერთ-ერთი ბოსნია/ჰერცეგოვინაა (დანარჩენი ორი, სლოვაკეთი და ფინეთი).

⚽ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 36-ე ადგილზეა, ბოსნია კი - 25-ე.

⚽ საქართველოს ფუტსალის ნაკრების ისტორიაში პირველი მატჩი 1995 წლის 23 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ტურინში, იტალიასთან 1:3 დამარცხდა.

⚽ საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი ანგარიშით გიბრალტარის ნაკრები ჰყავს დამარცხებული (15:1).

⚽ ამ ხნის განმავლობაში ფუტსალის ნაკრებმა 163 თამაში ჩაატარა, საიდანაც 69 მოიგო და 496 გოლის გატანა მოახერხა.

⚽ ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრებია, საქართველოს მეტოქე კი ჯგუფურ ეტაპზე ვიცე-ჩემპიონი ესპანეთიცაა, რომელსაც ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ აქვს მოგებული.

⚽ ზოგადად, ევროპის ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ 4 ნაკრები ფლობს: ესპანეთი (7), იტალია (2), რუსეთი (1) და პორტუგალია (1).

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

📅 26 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
ბოსნია-ჰერცეგოვინა V საქართველო

📅 29 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
საქართველო V ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები