Thumbnail
  • დღეს აშშ-ს კოლეჯების ლიგაში ერთბაშად ექვსმა ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა
  • ყველაზე შედეგიანი ლუიზიანა მონროს 22 წლის ფორვარდი ნიკა მეცხვარიშვილი იყო

ნიკა მეცხვარიშვილის ლუიზიანა მონრო ვორჰოუქსმა NCAA-ში საუს ალაბამა იაგუარსთან 56:68 წააგო, 22 წლის ქართველ კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო.

მეცხვარიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ნიკამ 9-დან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, 6-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ფორვარდს პასივში 4 დაკარგვა ჰქონდა.

ლუიზიანა მონროს სან ბელთის დივიზიონში 2 მოგება და 6 მარცხი აქვს და მე-10 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 28 იანვრის დილას ჯორჯია საუსერნთან ჩაატარებს.

შეტევაზეა ცოტნე ცარციძე

21 წლის ქართველი კალათბურთელის ცოტნე ცარციძის ნორს დაკოტა კანზას სიტისთან 76:86 დამარცხდა, ჩვენებური კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16  წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ცოტნემ 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

ნორს დაკოტა სამიტ ლიგის დივიზიონში ჯერაც პირველი მოგების მოლოდინშია და ცხადია, ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრა კი 28 იანვრის დილას საუს დაკოტა სტეიტთან ელის.

წარმატებული მატჩი ჰქონდა ვილი ისიანს დეტროიტ მერსის, რომელმაც მილუოკი პანტერსს 71:58 სძლია. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა 29 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

ისიანმა 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ვილი ისიანმა პერიმეტრიდან კარგად ესროლა

დეტროტ მერსი ჰორიზონის დივიზიონში 4 მოგებითა და 3 მარცხით მეოთხეა, მომდევნო მატჩს კი 28 იანვარს ილინოისის უნივერსიტეტთან გამართავს.

ზედიზედ 2 მოგების შემდეგ, დღევანდელ მატჩში წარმატების შანსი არ ჰქონია ალექსანდრე მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნტს, რომელიც სენტ მერის კოლეჯს გაეჯიბრა და 51:83 წააგო.

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა 18 წუთში თამაშიდან მხოლოდ 1 ტყორცნა გამოიყენა და 2 ქულას 4 მოხსნა და 1 პასი წაამატა. ლოიოლა მერიმაუნტი ვესთ ქოუსთის დივიზიონში 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-6 პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას კი 28 იანვრის დილას აშკარა ფავორიტ გონზაგას უნივერსიტეტთან ჩაატარებს.

ამჯერად, მცირე სათამაშო დრო დაეთმო რატი ანდრონიკაშვილს, რომლის კრეიტონმაც დეპოლს 60:47 სძლია. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი მოედანზე მხოლოდ 4 წუთი გამოჩნდა და 2 სროლა ააცილა, აქტივში კი 1 მოხსნა ჰქონდა. კრეიტონი 4 მოგებითა და 2 მარცხით ბიგ ისთის დივიზიონში მე-7 ადგილზეა, მომდევნო თამაში კი 27 იანვარს ბატლერთან ელის.

ასევე 4 წუთი გაატარა მოედანზე ზურაბ ჟღენტმა, მისმა კი ნორსვესტერნ სტეიტმა კი ნიუ ორლეანსთან 77:85 წააგო. 21 წლის ქართველმა ცენტრმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 2 შეცდომაც ჰქონდა. ჟღენტის გუნდი საუსლენდის დივიზიონში 3 წაგებით ბოლოსწინა საფეხურზეა, 28 იანვარს კი ინკარნეიტ ვორდთან მატჩი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები