Thumbnail

23 იანვარს (თბილისის დროით, 06:00-ზე) გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ფინიქს სანსს ესტუმრება და რეგულარულ სეზონში ზედიზედ მესამედ გამარჯვებას შეეცდება. ფინიქსი რეგულარულის ლიდერია 35-9 ბალანსით, მაშინ, როცა პეისერსს 17-29 ბალანსი აღმოსავლეთში მე-13 ადგილისთვის ჰყოფნის და პლეი ოფის ზონის მიღმაა.

დომანტას საბონისისის თამაში საეჭვოა, რაც მაილს ტერნერის არყოფნის ფონზე, ბითაძისთვის კიდევ ერთხელ სასტარტო ხუთეულს ნიშნავს. ლიეტუველი ცენტრის საკითხი მხოლოდ თამაშის წინ გაირკვევა, თუმცა დიდი ალბათობით, ის არ იქნება ამ შეხვედრაში. პეისერსის ოფიციალურ საიტს სასტარტო ხუთეულში გოგა ჰყავს (ბროგდონი, ლევერტი, ჰოლიდეი, კრეიგი, ბითაძე) მოაზრებული. ფინიქსი სავარაუდოდ, ცენტრის პოზიციაზე ჯაველ მაკგით დაიწყებს, რადგან დეანდრე აიტონი ტრავმირებულია. სანსში ვერც სათადარიგო ფრენკ კამინსკი თამაშობს. მაკგის გარდა, ფარზე ბისმარკ ბიომბო იბრძოლებს. გოგას კი აიზია ჯეკსონი შეცვლის ხოლმე. 

შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტთან მოგებულ მატჩში გოგამ 31 წუთი ითამაშა, დრო მეტი ექნებოდა, რომ არა ინციდენტი გარი პეიტონ II-თან, რის გამოც ის მატჩიდან გააძევეს. საბედნიეროდ, ამის გამო ბითაძეს დისკვალიფიკაცია არ მიუღია. გოგამ უორიორსთან 13 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. პირველი მეოთხედის შემდეგ მას უკვე ჰქონდა 10 ქულა ჩაგდებული.  

კომენტარები

ბოლო ამბები