Thumbnail

'ოფიციალურ წონამდე ცოტა მაკლდა' - თოფურია ჩაშლილ ბრძოლაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა
  • მან ბრძოლის ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა და შარლ ჟურდენი შეაქო

ილია თოფურიას ბრძოლა შარლ ჟურდენთან UFC-ში ჩაიშალა. ქართველ მებრძოლს წონის კლების დრო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც UFC 270-ზე ქართველის ჩხუბი აღარ შედგება. ილია უკვე გამოიწვია მოვსარ ევლოევმა, რომელთანაც ქართველს თავდაპირველად უნდა ეჩხუბა.

ქართველი მებრძოლი ბრძოლის ჩაშლას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ გულდაწყვეტილია და შარლ ჟურდენს მადლობაც გადაუხადა.

''რამდენიმეთვიანი ძალისხმევისა და თავგანწირვის შემდეგ, ბედმა გადაწყვიტა, რომ ამ ღონისძიებაზე ვერ ვიჩხუბებ. გუშინ, კალიფორნიის ექიმთა კომისიამ გადაწყვიტა, რომ ბრძოლა არ გამართულიყო. არადა, ოფიციალურ წონამდე ძალიან ცოტა მაკლდა. საბედნიეროდ, ახლა კარგად ვარ. საავადმყოფო უკვე დავტოვე, სხეულიც უკეთეს მდგომარეობაშია, ჩემს გუნდთან ერთად ვაანალიზებ ამ ამბავს, რათა მომავლისთვის დასკვნები გამოვიტანოთ.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც ვუყვარვარ და ვინც ყოველთვის მქომაგობს ასეთ რთულ დროს. უფრო ძლიერი დავბრუნდები. ბოლოს, მინდა მადლობა ვუთხრა შარლ ჟურდენს, რადგანაც ასეთ მოკლე დროში ჩხუბზე დამთანხმდა. შენ ნამდვილი მეომარი ხარ. მალე შევხვდებით.'', - წერს თოფურია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თოფურია დაუმარცხებელია - მას 11 შეხვედრა აქვს მოგებული და აქედან 3-ჯერ UFC-ში გაიმარჯვა. ილიას მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი ჰყავს დამარცხებული. თოფურიას იმ ვერსიის არ სჯერა, რომ ევლოევს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები