Thumbnail

პირველად კარიერაში - სტეფ კარიმ ჰიუსტონთან ბაზერბითერი ჩააგდო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 105:103 ჰიუსტონ როკეტსი
  • სტეფ კარიმ სირენის თანხლებით ჩააგდო და უორიორსს გაამარჯვებინა
  • თამაშის შემდეგ გოლდენ სტეიტის გამთამაშებელმა ემოცია არ დაფარა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. დრამატული გამარჯვება იზეიმა გოლდენ სტეიტმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ჰიუსტონი მიიღო. სან ფრანცისკოში გამართული შეხვედრის გმირი კი უორიორსის ლიდერი სტეფ კარი გახდა, რომელმაც ბოლო წამზე ზუსტი ორქულიანი ტყორნცა განახორციელა.

"ჩეიზ ცენტრში" გამართულ შეხვედრაში პირველიდან ბოლო მეოთხედამდე ანგარიშში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა. მოედანზე ყველაზე შედეგიანი სწორედ გოლდენ სტეიტის გამთამაშებელი იყო, რომელმაც თამაში 22 ქულითა და 12 პასით დაასრულა. მატჩის მთავარი ეპიზოდი კი საფინალო სირენის თანხლებით, როდესაც ანგარიში 103:103 იყო, საშუალო დისტანციიდან კარის მიერ შესრულებული სროლა გახდა. 

აღსანიშნავია, რომ NBA-ს ორგზის MVP-ად აღირებულმა კალათბურთელმა სირენის თანხლებით გამარჯვებით მომტანი სროლა (Buzzer beater) კარიერაში პირველად შეასრულა. ზოგადად კი, ბოლო 5-წამიან პერიოდში სტეფს ეს აქამდე 7-ჯერ ჰქონდა გაკეთებული. 

"ეს დამოკიდებულია არა ჩემზე, არამედ იმაზე, როგორ წარიმართება თამაში. მქონია შემთხვევა, როდესაც სირენამდე 0,1 წამით, 0,4 წამით ან წამით ადრე ჩამიგდია. რამდენიც არ უნდა ყოფილიყო დრო დარჩენილი, მაინც მნიშვნელოვანი იყო ის სროლები, თუმცა როდესაც სირენის თანხლებით აგდებ, მაინც განსაკუთრებული გრძნობაა. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ეს გამოვცადე", - თქვა მატჩის შემდეგ კარიმ.


გოლდენ სტეიტ უორიორსმა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული 46 მატჩიდან 33 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გუნდი 24 იანვარს, იუტა ჯაზის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები