Thumbnail

'რევანში შეუძლია' - თოფურიამ ჭიკაძისა და კატარის ბრძოლაზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ბრძოლის შესახებ კომენტარი გააკეთა. 24 წლის თოფურიამ, რომელსაც ბრძოლა სულ მალე, 23 იანვარს თავადაც ელოდება, თქვა, რომ თუ ისინი ერთმანეთს კიდევ დაუპირისპირდებიან, არავინ იცის, ბრძოლა როგორ დასრულდება და გიგას შურისძიების შანსი ექნება.

"ვუყურე გიგას ბრძოლას, ჩხუბი ასეთია. ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე ვასპარეზობთ და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ დონეზე ადვილი ბრძოლა არ არსებობს. ამიტომაც, არ გამოვრიცხავ, თუ გიგა კატარს ისევ შეხვდება, შურისძიება მოახერხოს, ისევე, როგორც კატარსაც შეუძლია კვლავ გამარჯვება. არავინ იცის, როგორ დასრულდება მათი მორიგი ბრძოლა თუ ერთმანეთს კიდევ შეხვდებიან", - თქვა თოფურიამ.

ილიას მოვსარ ევლოევთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ მეტოქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ბრძოლაზე უარი თქვა. ქართველი ფიქრობს, რომ ევლოევმა ბრძოლას თავი შეგნებულად აარიდა და ამიტომაც, თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.

"ჟურდენთან გამარჯვების შემთხვევაში ყურადღებას სხვა მებრძოლზე გავამახვილებ, ევლოევი რატომ უნდა გამოვიწვიო? უკვე დავამარცხე! ოქტაგონზე არც კი გამოვიდა. დივიზიონში ბევრი მებრძოლია და რატომ უნდა ვეჩხუბო იმას, ვინც ჩხუბის წინა დღეს გაქრა? მომზადების პერიოდში დიდი ძალისხმევა დავხარჯე და ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრეს, რომ მოვსარი ბრძოლიდან გავიდა. მისი აღარ მჯერა და აღარ ვაპირებ დროის დაკარგვას მასთან ბრძოლისთვის ვარჯიშში", - აღნიშნა თოფურიამ ევლოევთან ჩაშლილ ბრძოლაზე.

თოფურია რაიან ჰოლთან გამარჯვებას ზეიმობს

24 წლის მებრძოლმა ისიც თქვა, რომ მისთვის ქამრის მოპოვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეიტინგში პოზიცია: "რეიტინგები არ მაინტერესებს, ვიცი, რომ მსოფლიოში პირველი ნომერი ვარ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს მე-15 ადგილზე ვიქნები, ტოპ 10-ში თუ ხუთეულში, ამ ციფრებს უბრალოდ არ ვაღიარებ. ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როცა ქამარს დავისაკუთრებ. რეიტინგები ჩემთვის ქამარზე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო არაა", - ამბობს Championat-თან ინტერვიუში ქართველი მებრძოლი.

ილია თოფურიას MMA-ში 11, ხოლო UFC-ში 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა გამარჯვებით დაასრულა. ის 23 იანვარს კანადელ შარლ ჟურდენთან იჩხუბებს.

რაც შეეხება კელვინ კატარისა და გიგა ჭიკაძის დაპირისპირებას, გამარჯვებული 25-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით (50:45, 50:45, 50:44) 33 წლის ამერიკელი გახდა. მან UFC-ს კარიერაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. 33 წლის ქართველი მებრძოლი კი, UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლის მოგების შემდეგ პირველად დამარცხდა.

გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლიდან გამოდის. ქართველი მებრძოლი ამჟამად ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. კელვინ კატართან (5) გამარჯვების შემთხვევაში, მას რეიტინგის ხუთეულში მოხვედრა გარანტირებული ექნებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები