Thumbnail

2022 წლიდან პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი შავი ლომი მხოლოდ რაგბი ევროპის სუპერთასზე არ ითამაშებს, გუნდი სამხრეთ აფრიკის პროვინციათა ჩემპიონატში, ქარის თასზეც გამოვა, ოღონდ, პირველ დივიზიონში.

ქარის თასის პრემიერ დივიზიონი 14 იანვარს დაიწყო, ელიტაში 7 გუნდი გამოდის: ბლუ ბულსი, პუმასი, ვესტერნ პროვინსი, ჩიტასი, შარკსი, გრიქვესი და გოლდენ ლაიონსი. აქედან არავინ გავარდება, შემდეგი სეზონიდან კი პირველი დივიზიონის საუკეთესო სამხრეთაფრიკული გუნდი დაემატება და ქარის თასზე 8 კლუბი იასპარეზებს. 

2021 წლის გამარჯვებული ლეოპარდსი (ტრანსვაალი) ისევ პირველ დივიზიონში ითამაშებს

რაც შეეხება პირველ დივიზიონს, სადაც შავი ლომი იასპარეზებს, ოფიციალურად ჯერ არ თქმულა, თუმცა ჩემპიონატი სტარტს 26 მარტს აიღებს და მასში მხოლოდ სამხრეთაფრიკული გუნდები არ მიიღებენ მონაწილეობას. ქართული ფრენჩაიზის გარდა, ითამაშებენ ზიმბაბვე, ნამიბია და კენია. სამხრეთაფრიკული გუნდებია - იგლზი, გრიფონსი, ლეოპარდსი, ვალკე (ფალკონსი), ბოლანდ კავალიერსი, ისტერნ პროვინსი, ბორდერ ბულდოგსი. ჩემპიონატის ზუსტი განრიგი და ფორმატი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 2021 წლის ქარის თასზე (პირველი დივიზიონი) ეს 7 გუნდი ასპარეზობდა, ლეოპარდსმა 26 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა პრემიერ დივიზიონში არ ითამაშებს. 

როგორც ჩანს, აღმასვლა მხოლოდ სამხრეთაფრიკულ გუნდებს შეეხებათ და არა უცხოურ ფრენჩაიზებს (მათ შორის, არც შავ ლომს). შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერთასზე შავ ლომს ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი ენისეისთან, თუმცა ამის მიუხედავად, ჯგგუფიდან გასულია და ნახევარფინალში ითამაშებს. ენისეისთან მატჩი რამდენჯერმე გადაიდო და ჯერ არ არის ცნობილი, როდის ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები