Thumbnail

კატარი 2022 | ფიფამ ბილეთებზე რეგისტრაცია დაიწყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან  18 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება
  • მუნდიალის შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი დაიწყო
  • ყველაზე იაფი ბილეთი კატარელებისთვის 11 დოლარი ღირს, უცხოელებისთვის - 69$

კატარში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბილეთების ყიდვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. ფიფას პრესსამსახურის ცნობით, ბილეთების რეალიზაციის პირველი ეტაპი 8 თებერვლამდე გასტანს. 

ამ პერიოდში გულშემატკივრებს ბილეთების შეძენაზე განაცხადის გაკეთება ფიფას ოფიციალურ საიტზე შეეძლებათ. ამასთან, მნიშვნელობა არ ექნება, გილშემატკივარი პირველი ეტაპის რომელ დღეს გააკეთებს განაცხადს. იმ შემთხვევაში, თუკი განაცხადების რაოდენობა ადგილების რიცხვს გადააჭარბებს, ბილეთები "ბრმა" წილისყრის მეთოდით განაწილდება. 

მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მატჩებზე დასასწრები ბილეთები უცხოელისთვის 250-იდან 800 კატარულ რიალამდე (69-იდან 220 დოლარამდე) ეღირება, ადგილობრივი ქომაგისთვის კი - 40 რიალი (11 დოლარი). ფინალური შეხვედრის ბილეთი კატარელ ფანს 750 რიალი (206 დოლარი) დაუჯდება, უცხოელს - 2200-იდან 5850 რიალამდე (604-იდან 1,6 ათას დოლარამდე).

კატარი 2022-ის ბილეთების რეალიზაციის მეორე ეტაპი მუნდიალის წილისყრამდე ჩატარდება, რომელიც 1-ელ აპრილს იგეგმება. გულშემატკივრები ბილეთების შეძენას “ცოცხალი რიგის” პრინციპით შეძლებენ. გაყიდვის შემდგომი ეტაპები უკვე ტურნირის წილისყრის შემდეგ გაიმართება.

კატარი მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატს ფეხბურთში წელს 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში პირველობისთვის პლანეტის 32 ნაკრები იბრძოლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები