Thumbnail

ფუტსალი | 4 ბრაზილიელის გარეშე - საქართველოს მეტოქეს დიდი პრობლემები აქვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებს, რომელიც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში საქართველოს მეტოქე იქნება, მოულოდნელი პრობლემები შეექმნა. აზერბაიჯანელებს 8 ლეგიონერიდან ერთბაშად 4 გამოაკლდათ, რაც ავთანდილ ასათიანის გუნდის შანსებს საგრძნობლად ზრდის.

აზერბაიჯანის ნაკრები, რომელსაც ბრაზილიელი ჟოზე ალესიო და სილვა წვრთნის, ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება, სადაც მასპინძელთა გუნდთან ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 3:5. თუმცა, ეს, ქართველთა მეტოქის მთავარი პრობლემა არ ყოფილა. კოვიდ-ტესტების გავლის შემდეგ, დადებითი პასუხი აღმოაჩნდათ ედუარდოსა და რავალ ვილელას, რომელთაც გასული თამაში ხომ გამოტოვეს და ახლა, ბელგიაში კარანტინში დარჩენა მოუწევთ. თუკი არაფერი შეიცვალა, ეს მათთვის ევრო-2022-ის მიღმა დარჩენას ნიშნავს.

აზერბაიჯანელთა თავკაც ჟოზე ალესიო და სილვას საფიქრალი მოემატა

თითქოს ეს არ ეყოფოდათო, დღეს, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ უეფადან კიდევ ერთი არასასიამოვნო ცნობა მიიღო. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება აეკრძალა კიდევ ორ ბრაზილიელ ფეხბურთელს – მანეკესა და ფელიპინიოს. აღმოჩნდა, რომ ისინი ნაკრებში ნატურალიზაციის პროცესის დარღვევით იქნენ გამოძახებულნი, რადგანაც ახალ ქვეყანაში საჭირო არ აქვთ გატარებული.

შეგახსენებთ, რომ ამ ფონზე ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით გაემგზავრა საქართველოს ეროვნული ნაკრები. ავთანდილ ასათიანმა ნიდერლანდებში 17 მოთამაშე წაიყვანა, რომელთა შორის 6 ბრაზილიელია: შაგინია, ელისანდრო, ბრუნო პეტრი ბრანკო, თალეს ფეიტოსა, რონინიო და ვილიანი.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც პლეი ოფის ორი საგზურისთვის ასევე იბრძოლებენ: ესპანეთი, აზერბაიჯანი და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გრონინგენში 22 იანვარს აზერბაიჯანთან ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი გეგმავს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

📅 22 იანვარი | ⌚ 17:30 | 🏟 მარტინი პლაზა
საქართველო V აზერბაიჯანი

📅 26 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
ბოსნია-ჰერცეგოვინა V საქართველო

📅 29 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
საქართველო V ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები