Thumbnail

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნულმა ფედერაციამ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის განცხადებით, მოახლოებულ ტურნირში კაცებში მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს, ქალებში – ანასტასია გუბანოვა, სპორტული ცეკვებში – მარია კაზაკოვა/გიორგი რევიას წყვილი, ხოლო სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა/ლუკა ბერულავა.

ცნობილია სათადარიგო შემადგენლობაც, თუკი სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომელიმე სპორტსმენი ოლიმპიადას გამოაკლდა: ალინა ურუშაძე (ქალები), ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები).

საქართველოს ნაკრების ლიდერი მორის ყვითელაშვილი წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე

შეგახსენებთ იმასაც, რომ მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. კონკრეტულად ფიგურულ სრიალში გუნდური ასპარეზობა 2022 წლის 4-7 თებერვალს გაიმართება, ხოლო ინდივიდუალური გამოსვლები 8 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლითაა დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ქართველმა სამთო მოთხილამურებმა ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ, მანამდე კი, ლიცენზიას მოციგავე საბა ქუმარიტაშვილიც დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები