Thumbnail

PUBG MOBILE | საბა კოპლატაძე: მივხვდით, რომ დიდი პოტენციალი გვქონდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი 2019 წელს შეიქმნა
  • კლანმა დიდ წარმატებას Red Bull-ის მსოფლიო ფინალზე თამაშით მიაღწია
  • Team Onyx “ევროპაბეთის ზამთრის თასის” გრანდ ფინალში გავიდა
  • ინტერვიუ კლანის დამაარსებელთან და ლიდერთან - საბა კოპლატაძესთან

Pubg Mobile მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია. ამ სახეობის მიმართ ინტერესმა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოშიც საგრძნობლად მოიმატა. ქართულ გეიმინგსივრცეში შეიქმნა გუნდები, გაძლიერდნენ მოთამაშეები და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდური სახეობებიდან ყველაზე მასშტაბურია.

საქართველოში საკმაოდ ძლიერი კლანები ჩამოყალიბდნენ, რომლებიც საერთაშორისო ტურნირებზე რეგულარულად ასპარეზობენ. მათ შორისაა Team Onyx, რომელიც ქართულ Pubg Mobile სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული გუნდია. კლანმა არსებობის განმავლობაში, ყველაზე დიდ წარმატებას Red Bull-ის მსოფლიო ფინალზე თამაშით მიაღწია. გარდა ამისა, აღსანიშნავია pubg mobile world invitational, სადაც ქართული გუნდი TOP 20-ში მოხვდა, ხოლო pubg mobile pro league-ზე მეექვსე ადგილი დაიკავა.

Team Onyx 'ევროპაბეთის ზამთრის თასზე' იასპარეზებს, რომელშიც გრანდ ფინალის საგზური საკმაოდ დამაჯერებლად მოიპოვა. პოპსპორტი გუნდის ლიდერს - საბა კოპლატაძეს ესაუბრა.

საბა კოპლატაძე (ONYX-ის დამაარსებელი და ლიდერი): ჩვენი გუნდი 2019 წლის ზაფხულში შეიქმნა. თავიდან სამოყვარულო დონეზე ვთამაშობდით. იმ დროს კიბერსპორტული მიზნები არ გვქონია და არც იმის ამბიცია გაგვაჩნდა, რომ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის სახელს გავიტანდით. დროთა განმავლობაში მივხდით, რომ ამ თამაშში დიდი პოტენციალი გვქონდა, გუნდის წევრების შეხედულებებიც ერთმანეთს დაემთხვა, ყველას გვინდოდა, რომ პირველები ვყოფილიყავით. 

POPSPORT: რა ვითარება იყო იმ დროს ქართულ კიბერსპორტში, როცა თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამდით?

კოპლატაძე: იმ დროისთვის, საქართველოში საკმარისი რაოდენობის ტურნირები არ ტარდებოდა, რათა გუნდი გაძლიერებულიყო. ამიტომ შევქმენით ჩვენი სავარჯიშო სერვერი, სადაც ვიწვევდით რუსულ და საუკეთესო ქართულ გუნდებს. იმდენად სუსტები ვიყავით, რომ უცხოური გუნდები სავარჯიშო რუმებში არ გვიღებდნენ. 

'გუნდში მეგობრული ატმოსფეროა. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ვირტუალურს არ მოიცავს, კვირაში ორჯერ ვიკრიბებით, ხოლო  ვარჯიშს დაახლოებით ექვს საათს ვუთმობთ'

POPSPORT: რომელი იყო პირველი წარმატება?

საბა კოპლატაძე: საერთაშორისო ასპარესზე პირველ წარმატებას pmco pubg mobile club open-ზე მივაღწიეთ, რომელშიც ფინალის საგზური მოვიპოვეთ და TOP 12 გუნდში მოვხდით, რის შედეგადაც, pubg mobile pro league-ზე გადავედით, სადაც რეგიონის უმაღლესი რანგის TOP 20 გუნდი თამაშობდა. ამ გუნდებს შორის მეექსვე ადგილი დავიკავეთ და მხოლოდ 20 ქულა დაგვაკლდა ევროპის ტურნირზე, PUBG Mobile Pro League - EMEA Championship-ზე გასასვლელად. ასევე, ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ მიღწევად Red Bull-ის მსოფლიო ფინალზე თამაშს მივიჩნევ. წარმატება იყო pubg mobile world invitational-ზე ასპარეზობაც, სადაც საქართველო წარვადგინეთ. ამ ტურნირზე მხოლოდ 20 გუნდი მიიწვიეს. tencent-მა საქართველო კონკურენტუნარიან ქვეყნად მიიჩნია, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო. 

POPSPORT: რამდენად განვითარდით ასეთ დონეზე ასპარეზობის შემდეგ?

კოპლატაძე: pubg mobile world invitational LAN-ში, კორეაში უნდა ჩატარებულიყო და ერთი თვე გაგრძელდებოდა, რაც თავისთავად უფრო დიდ გამოცდილებას მოგვიტანდა, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო ონლაინში ჩატარდა. ამ ტურნირმა გვიჩვენა, რომ ის პროფესიონალი მოთამაშეებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მივხდით, რომ მათთან დალაგებული, სტრატეგიული თამაშით შედეგს დავდებდით. 

POPSPORT: რა დროს უთმობთ ვარჯიშს და ერთმანეთთან კომუნიკაციას?

საბა კოპლატაძე: გუნდში მეგობრული ატმოსფეროა. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ვირტუალურს არ მოიცავს, კვირაში ორჯერ ვიკრიბებით, ხოლო  ვარჯიშს დაახლოებით ექვს საათს ვუთმობთ.

POPSPORT: რამდენი წევრისგან შედგება გუნდი?

კოპლატაძე: ამჟამად გუნდი ექვსი მოთამაშისგან და ერთი მენეჯერისგან შედგება. WINTER CUP-ზე ჩვენი შემადგენლობა ასე გამოიყურება: საბა კოპლატაძე (onyxSE7EN), გიორგი კოსტავა (onyx KOSTA), ნიკუშა ლეჭავა (onyxLEZZH0) და ლუკა ჯაფარიძე (onyxN9NE). Pubg Mobile Club Open-ისთვის გუნდში კიდევ ორი წევრი დავიმატეთ - სანდრო ხვედელიძე (onyxMASTER) და ნიკუშა ამილახვარი (onyxNICOLAA), ხოლო ჩვენი გუნდის მენეჯერი თამთა რეხვიაშვილია, რომელიც ზუსტად იგივე როლის მატარებელია, როგორც სხვა გუნდის წევრები.

POPSPORT: რა ვითარებაა ამჟამად pubg Mobile-ის ქართულ სამყაროში?

კოპლატაძე: წინა წლებთან შედარებით, მოთამაშეები საგრძნობლად განვითარდნენ. მათ დაიწყეს უცხოელი მოთამაშეების სტრიმების ყურება, სტრატეგიების შედგენა. თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ტურნირების მიმართ არასერიოზული მიდგომა, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. კარგი იქნება, თუ უცხოელებისგან პროფესიონალიზმსა და დისციპლინას ვისწავლით.

POPSPORT: გადავიდეთ WINTER CUP-ზე. როგორ შეაფასებდი მსგავსი ტურნირების არსებობას და რას მისცემს ის ქართულ გეიმინგს? 

საბა კოპლატაძე: PUBG MOBILE-ის საპრიზო ფონდი რეკორდულია და 20 000 ლარს შეადგენს, რაც არამარტო სხვებისთვის, არამედ ჩვენთვისაც დიდი მოტივაციაა. საბოლოო ჯამში, ეს სხვა კომპანიებისთვის მისაბაძი უნდა გახდეს, რათა ქართული გეიმინგი უფრო მეტად განვითარდეს. პანდემიის პირობებში კიბერსპორტი უფრო მეტად პოპულარული გახდა. ძალიან კარგია, რომ საქართველოში მსგავსი ტურნირი ტარდება.

"ჩემი გუნდის ყველა წევრისთვის, ეს იქნება ახალი გამოწვევა. ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა".

POPSPORT: როგორ შეაფასებდი თქვენს კონკურენტებს WINTER CUP-ზე?

კოპლატაძე: გრანდ ფინალი არის ერთდღიანი, რაც PUBG MOBILE-ის სპეციფიკიდან გამომდინარე საფრთხეს ქმნის, რომ ძლიერმა ვერ გაიმარჯვოს. ასევე არის ფაქტორები, რომლებიც იღბალზეა დამოკიდებული. ჩვენთვის ფინალში გასული ყველა გუნდი კონკურენტია.

POPSPORT: რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის ფინალის კიბერარენაზე, მაყურებლების თანხლებით თამაში?

საბა კოპლატაძე: ისევე როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი გუნდის ყველა წევრისთვის, ეს იქნება ახალი გამოწვევა. ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა. 

POPSPORT: რა არის თქვენი კლანის სამომავლო გეგმები?

საბა კოპლატაძე: Pubg Mobile Club Open-ისთვის ბუთკემპის ქირაობას ვგეგმავთ, რათა უკეთესად მოვემზადოთ. დღემდე ვმუშაობთ და განვიხილავთ ჩვენს შეცდომებს. არასტაბილურობამ ძალიან უკან დაგვხია, რაც მობილურთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია, მაგრამ ახლა ყველა პრობლემა უკან დარჩა და მხოლოდ პროგრესზე ვართ ორიენტირებულნი. გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო Cyber Space-ის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები