Thumbnail

თუ ფეხბურთს 90-იანი წლებიდან უყურებ, შეუძლებელია, სინიშა მიხაილოვიჩს არ აფასებდე. ბევრს მხოლოდ მისი განუმეორებელი საჯარიმო დარტყმები ახსოვს, ბევრსაც ბრძოლის უნიკალური უნარი, მაგრამ სინიშა უფრო მეტი იყო... 2019 წლის ივლისში კიბო დაუდგინეს. ლეიკემია. მას მერეც ისე იბრძოლა, როგორც მანამდე იბრძოდა, მაგრამ უკურნებელი სენი ვერ დაამარცხა. სინიშა გარდაიცვალა.

სინიშა აღარ არის, მაგრამ მისი ისტორია უკვდავია. ეს სტატია წლის დასაწყისში დავწერეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტებია მისი წიგნიდან.


სინიშა მიხაილოვიჩის ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია - მასში ყველაფერი იყო: 22 წლის ასაკში მოგებული ჩემპიონთა თასი ცრცვენა ზვეზდასთან ერთად და ბაიერნთან ნახევარფინალში შესრულებული დუბლი, 10 წელზე მეტი უმაღლეს დონეზე სერია A-ში, იუგოსლავიის ომი, რომელიც მისთვის ოჯახურ ტრაგედიად იქცა და გადამწყვეტი ბრძოლა ლეიკემიასთან.

ამ ყველაფერზე სინიშამ წიგნი დაწერა, რომელსაც სიმბოლური სახელი - ‘ცხოვრების მატჩი’ ჰქვია. მასში ბევრი საინტერესო ეპოზოდია. ამ სტატიაში მისი წიგნიდან ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ.

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფი

‘სამოქალაქო ომი იწყებოდა, მაგრამ ჩვენ, სპორტსმენები ამას ვერ ვგრძნობდით. 1992 წლამდე ვერაფერს ვხვდებოდით, ყოველ შემთხვევაში, ბელგრადში მაინც. პოლიტიკაზე არ ვფიქრობდით, მხოლოდ ფეხბურთი გვაინტერესებდა. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ წლებს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოდ მივიჩნევ. თქვენი თავი ჩემს ადგილზე წარმოიდგინეთ - ახალგაზრდა ვარ, მდიდარი, პოპულარული, ბევრი მნიშვნელოვანი მეგობარი მყავს, საშიში ხალხი მიცავს, ჩემს საყვარელ გუნდში ვთამაშობ და გულშემატკივარი მაღმერთებს. იმ დროს ყველაფერი მოვიგეთ.

არსად არაფერს ვიხდიდი. ყველგან, სადაც კი შევდიოდი - მაღაზიებში, რესტორნებში, ბარებში - ფულს არ მახდევინებდნენ. ჩემი სახლის კედლებს ორ თვეში ერთხელ ათეთრებდნენ, რადგან სულ ახალ-ახალი წარწერები ჩნდებოდა. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ისე მიღებდნენ, როგორც ‘ბითლზის’ ერთ-ერთ წევრს.

იტალიაში გადასვლამდე მიხაილოვიჩი ცრცვენა ზვეზდას ლიდერი იყო

ერთხელ, როცა ჩემი BMW 320 მომპარეს, ამის შესახებ ტელევიზორში განვაცხადე. მეორე დღეს მძარცველებმა მანქანა ჩემს სახლთან დააბრუნეს - ზედ ეწერა: "გამარჯობა, სინიშა. გვაპატიე, ჩვენ ვაბრუნებთ ავტომობილს. არ ვიცოდით, რომ შენი იყო. გამოვცვალეთ საქარე მინა, რომელიც გაგვიტყდა, გავრეცხეთ და საწვავის ავზიც სავსეა. გვაპატიე!"

მეგონა, რომ ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. ეჭვიც კი არ მქონდა, რომ ეს დასასრული იყო, სულ მცირე, იუგოსლავიისთვის მაინც.

იუგოსლავიის ომი

დედაჩემი ხორვატია, მამა - სერბი. მე ვუკოვარში დავიბადე, ხორვატიაში. როცა ჯარში მიწვევდნენ და ანკეტა უნდა შემევსო, დედაჩემს ვკითხე: "რა ჩავწერო?! ვინ ვარ, სერბი თუ ხორვატი?" "შენ იუგოსლავი ხარ" - მიპასუხა დედამ. ასეც დავწერე.

1991 წელს იუგოსლავიის თასის ფინალში ჩვენი ცრცვენა ზვეზდა ჰაიდუკს ეთამაშებოდა. მატჩის წინ ჰაიდუკის ხორვატი მცველი, იგორ შტიმაცი მოვიდა და მითხრა: "ღმერთს ვევედრები, რომ ჩვენებმა შენი ოჯახი მოკლან..."

ამის შემდეგ ვუკოვარში ვიყავი ჩასული, ჩემს მშობლიურ ქალაქში. იქ, ჩემს თანაკლასელს და ბავშვობის მეგობარს, ეროვნებით ხორვატს, საკუთარი ბარი ჰქონდა გახსნილი. როცა შევედი და მივესალმე, სალამზე არ მიპასუხა. მაგიდას მივუჯექი და სასმელი შევუკვეთე. მოვიდა და მითხრა: "აიღე რაც შეუკვეთე და წადი. აქ აღარ მოხვიდე. ჩემს ბარში სერბების ადგილი არ არის."

სინიშა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯარიმების შემსრულებელი იყო

როცა ომი დაიწყო, იბიცაზე ვისვენებდი. ჩემპიონთა თასის მოგებას ვზეიმობდი. ტელევიზორში ომის ამბები რომ ვნახე, დედაჩემს დავურეკე. ლაპარაკში რაღაც ხმაური გვიშლიდა. ვუთხარი, დედა, ტელევიზორს ჩაუწიე, არაფერი მესმის-მეთქი. "სინიშა, ეს ტელევიზორი არ არის. ჩვენს სახლთან ისვრიან. ომი დაიწყო." - ასეთი იყო დედაჩემის პასუხი.

მშობლებს ვუკოვარიდან ბელგრადში წასვლა ვთხოვე, მაგრამ მამაჩემი უარს აცხადებდა. ამბობდა, რომ არავისთვის არაფერი დაუშავებია და არ უნდოდა ყველაფრის მიტოვება. ცოტა ხანში ჩემებს ბელგრადში წასვლა მაინც მოუწიათ. დედაჩემმა დამირეკა, ქვითინებდა: "პიპე, ეს იყო პიპე!"

პიპე ჩემი ბავშვობის მეგობარი გახლდათ, მეზობელი. თითქმის ჩემი ძმა. ის მივიდა ჩემს სახლში და უთხრა, რომ უნდა წათრეულიყვნენ. მეორე დღეს ისევ მივიდა - ორ სხვა ბიჭთან ერთად, თან იარაღი ჰქონდა. კედელზე დაკიდებულ ჩემს ფოტოს ესროლა. ჩემი მშობლების ტირილმა საქმეს ვერ უშველა. "ხომ გითხარით, სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ" - უთქვამთ. მიხაილოვიჩები წავიდნენ. მეორე დღეს ჩვენი სახლი დაანგრიეს.

როცა დედაჩემს ვუსმენდი, მისი სიტყვების დაჯერება უბრალოდ არ შემეძლო - "ნუთუ, ოქროს ბიჭი პიპე ისე შეიცვალა, რომ შევზიზღდი და ჩემს მშობლებს ემუქრება?" 8 წელი ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა.

‘სამოქალაქო ომში არ არსებობს კარგი და ცუდი, არც შავი და თეთრი. იქ მხოლოდ ერთი ფერია - წითელი - უდანაშაულო ადამიანების სისხლის ფერი.’

1999 წელს პიპეს შევხვდი. "ეს იყო ერთადერთი შანსი, თავი რომ გადამერჩინა" - ამიხსნა პიპემ. "ბოროვოში ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ახლო მეგობრები ვართ. მე უნდა დამემტკიცებინა, რომ მათ ბრძანებებს ვასრულებ, სხვანაირად მოღალატედ, სერბების მეგობრად მიმიჩნევდნენ და მომკლავდნენ. მიბრძანეს, რომ შენი სახლი დამენგრია - ხალხით ან მის გარეშე. მინდოდა შენი მშობლები დამეყოლიებინა, რომ წასულიყვნენ, მაგრამ არ დამიჯერეს და მომიწია მათი შეშინება. როცა შენს ფოტოს ვესროდი, თითქოს ჩემს თავს ვესროლე. არ გთხოვ, რომ გამიგო - მხოლოდ მაპატიე". მე მას ვაპატიე - გადავეხვიე და მადლობა გადავუხადე. პიპემ ჩემი მშობლები გადაარჩინა...

ჟელკო - მეტსახელად ‘არკანი’

1989 წელს ვოივოდინამ (მიხალოივიჩი მაშინ იქ თამაშობდა) სერბეთის თასის ფინალში სენსაციურად დაამარცხა ცრცვენა ზვეზდა - 3:1. თამაშის დროს ჩემი ყურადღება ‘ზვეზდას’ სათადარიგო სკამზე უცნობმა კაცმა მიიპყრო. აშკარად არ იყო კლუბის თანამშრომელი. როდესაც მეტოქეზე უხეშად დავჯარიმდი, უცნობი ძალიან გაბრაზდა. თამაშის შემდეგ მოედანზე შემოვარდა, მაგინებდა და დამემუქრა, "შენს კარიერას დავამთავრებო."

მაშინვე ვუპასუხე: "რა ზღაპრებს ყვები? კარიერას დაამთავრებ?! სახეს გაგიხევ". ჩხუბამდე საქმე არ მივიდა - თანაგუნდელებმა გასახდელში გამათრიეს და მითხრეს: "ავად ხომ არ ხარ?! არ იცი, ვინ არის?! ეს არკანია. იცოდე, შენი მოკვლაც შეუძლია."

ჟელკო რაჟნატოვიჩი, მეტსახელად "არკანი", ცრცვენა ზვეზდას ფანკლუბის "დელიეს" (გმირები) ლიდერი იყო. ეს არის ‘ზვეზდას’ ყველაზე სახიფათო ულტრას-დაჯგუფება. ამავე დროს ის ინტერპოლის სიით იძებნებოდა და საერთოშორისო მასშტაბის კრიმინალი იყო. მალევე, 1990 წელს მან სერბეთის განმათავისუფლებელთა გვარდია შექმნა, რომელსაც მეტსახელად ‘არკანის ვეფხვები’ უწოდეს. ეს იყო გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც ბოსნიაში და ხორვატიაში იბრძოდა. სერბებისთვის ის ნაციონალური გმირი იყო, სხვებისთვის კი - სასტიკი მკვლელი.

ბოსნიელი სერბების ლიდერი, შემდგომში გასამართლებული რადოვან კარაჯიჩი და არკანი

როცა ‘ცრცვენა ზვეზდაში’ გადავედი, არკანმა ჩემთან შეხვედრა მოინდომა - ის ისე იქცეოდა, როგორც კლუბის პრეზიდენტი და არა როგორც ფანკლუბის ლიდერი.

ძველი კონფლიქტი მალევე დაივიწყა. მაშინვე მითხრა: "სინიშა, თუკი რამე გჭირდება, მაშინვე მე მითხარი". მე მისი საყვარელი მოთამაშე ვიყავი და მალევე დავმეგობრდით. წელიწადში სტუმრად მის სახლში ალბათ ერთი 200-ჯერ მაინც ვიყავი. თუმცა, მხოლოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობდით. მშვენივრად მესმოდა, ის რითი იყო დაკავებული. მასთან ურთიერთობის დროს სამი წესი მქონდა: ყოველთვის უნდა სცე პატივი, არასოდეს იქონიო მასთან საქმე და არასოდეს არაფერი თხოვო.

1991 წელს, შუა ომის დროს, არკანმა დამირეკა: "ვუკოვართან ვიღაც კაცი დავაკავეთ, ამბობს, რომ ბიძაშენია. რამდენიმე დღეში ბელგრადში ვბრუნდები. მოდი და წაიყვანე, თუ ის მართლა შენი ბიძაა, თუ არადა - მას ჩვენ მივხედავთ."

ბიძაჩემი ივო, დედაჩემის ძმა, ხორვატი იყო. როცა ჩემი მშობლები ბოროვოდან წავიდნენ, ის გაცოფებული იყო. დედაჩემს ეუბნებოდა: "უნდა დარჩენილიყავი და ამ ღორისგან, ბინძური სერბისგან, ჩვენ გაგათავისუფლებდით. მას მოვკლავდით."

არკანის ტყვედ მართლა ივო ჩავარდა. დიდხანს ვფიქრობდი, რა მექნა. გადამერჩინა ბიძა, რომელიც მამაჩემის მოკვლას აპირებდა, თუ დამეტოვებინა ის არკანის ხალხის ხელში. ვფიქრობდი იმაზე, როგორ მოიქცეოდა ივო, მე რომ ხორვატების ხელში ჩავარდნილიყავი. ალბათ მოაკვლევინებდა ჩემს თავს."

დედაჩემი ქვითინებდა, მამა დუმდა. მან უარი თქვა ივოს გამოსახსნელად წასვლაზე. მასთან ისევ დედაჩემი წავიდა. როცა ის ჩვენს სახლში მოიყვანეს, მამაჩემა ჰკითხა: "რა დაგიშავე, რატომ გინდოდა ჩემი მოკვლა?" ბიძა დუმდა. ამის შემდეგ, არასოდეს, ერთი სიტყვაც არ უთქვამს მამაჩემისთვის.

არკანი 2000 წელს მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ გაზეთში ნეკროლოგი დავწერე: "მე დავტირი არა არკანს, ‘ვეფხვების’ წინამძღოლს, არამედ - ჟელკოს, ჩემს მეგობარს." შეიძლება კი ეს ორი კაცი ერთმანეთისგან გაიყოს?! არ ვიცი, რთული საკითხია. მე ის ომამდე გავიცანი. ის ჩემს მიმართ მუდამ კეთილი იყო. ომის დროს მან ბევრი სერბი გააათავისუფლა ტყვეობისგან, მათ შორის ჩემი ნაცნობები. ჟელკომ გადაარჩინა ბიძაჩემი. საკმარისია ეს, რომ თვალი დავხუჭოთ იმ საშინელებებზე, რომელიც მან ჩაიდინა?! რა თქმა უნდა, არა. მან ბევრი ცუდი რამ გააკეთა, მაგრამ სამოქალაქო ომში არ არსებობს კარგი და ცუდი. არ არსებობს შავი და თეთრი. იქ მხოლოდ ერთი ფერია - წითელი - უდანაშაულო ადამიანების სისხლის ფერი.

მე არკანს არასოდეს ვიცავდი, მაგრამ ის ჩემი მეგობარი იყო. მას მე ვუყვარდი და მეც ის ძმასავით მიყვარდა. ჟელკო აღარ არის და ახლა შემიძლია ისეთი სახე მივიღო, თითქოს არაფერი მომხდარა და არც ვიცნობდი. ასე ბევრი მისი ახლობელი მოიქცა, მაგრამ მე მინდა, რომ მას დავემშვიდობო. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც საჭიროც მივიჩნევ.

ამ დროს ლაციოში ვთამაშობდი. ორი კვირის შემდეგ, ბარისთან თამაშის დროს ლაციოს ულტრასებმა ბანერი გამოფინეს - "პატივს მივაგებთ ვეფხვ არკანს". ლაციოს ხორვატმა თავდასხმელმა ალენ ბოკშიჩმა თქვა, რომ ამ დროს მინდორზე რომ ყოფილიყო, პროტესტის ნიშნად გამოვიდოდა - "ძალიან ნაწყენი ვარ, რომ ჩემი გუნდის ფანები პატივს მიაგებენ იმ კაცს, რომელიც მთელს მსოფლიოში მიიჩნევა დამნაშავედ - ის ჩემი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა“. დიდი სკანდალი აგორდა. მე ვთქვი, რომ ამ ბანერთან არანაირი შეხება არ მქონდა.

როცა ულტრასებს შევხვდი, ვკითხე, ეს რატომ გააკეთეს: "რა შუაში ხართ, მას არც კი იცნობდით..."

"არ ვიცნობდით, მაგრამ ის ჩვენთვის ლეგენდაა" - ასეთი იყო მათი პასუხი.

თანამედროვე მცველების შესახებ

დღეს ფეხბურთში ისეთი მცველი არც არის, როგორიც მე ვიყავი. წარმოიდგინეთ, რამდენი შეიძლება ღირდეს ფეხბურთელი, რომელიც იწყებს შეტევებს, აკეთებს 60-მეტრიან საგოლე პასებს, სულ მცირე 10 საგოლე გადაცემა აქვს სეზონში, იდეალურად ასრულებს სტანდარტულებს და 3-დან ორი ჯარიმა გააქვს. გარდა ამისა, ლიდერია და ხასიათი აქვს. არ მინდა კონკრეტული სახელები ვთქვა, მაგრამ ის მოთამაშეები, რომელთა ფასი ახლა 70-80 მილიონია და წელიწადში 10 მილიონს იღებენ, ბუცებზე თასმებს შემიკრავდნენ ხოლმე...

ახალგაზრდა მოთამაშეები მოდიან - თავი ტელეფონში აქვთ ჩარგული, სელფებს იღებენ, ინსტაგრამში პირდაპირი ჩართვები აქვთ. მათ თვალებში ამბიციას ვერ ვხედავ. მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ, ქუჩაში ცნობდნენ. ერთი ნამდვილი თამაშიც არ უთამაშიათ და უკვე სპონსორები და აგენტები ჰყავთ და ჰგონიათ, რომ რაღაცას მიაღწიეს. და ყველაზე მთავარი: ისინი მოედანზე არ ერთობიან. ჩემთვის სტადიონი გასართობი პარკი იყო - ვერთობოდი, ბედნიერი ვიყავი.

ჯარიმების დარტყმა ბავშვობაში ვისწავლე. მეზობლის გარაჟს ვუმიზნებდი. ცრცვენა ზვეზდაში ვთამაშობდი, როდესაც ვარჯიზე ბელგრადის ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენლენი მოვიდნენ, რათა დარტყმის ძალა და სიჩქარე გაეზომათ. 165 კმ/სთ სიჩქარით ვურტყამდი. უნდოდათ, გაერკვიათ, როგორ ხდება, რომ ბურთი ჯერ მაღლა ადის, შემდეგ ეშვება და თან ძალას და სიჩქარეს არ კარგავს. სამი დღის შემდეგ აღიარეს, რომ ვერ ხვდებიან, ეს როგორ გამოდის. ეს ფიზიკის წესებს მიღმა იყო.


სამპდორიაში, უკვე მწვრთნელობის დროს, 44 წლის ასაკში, არგენტინის ნაკრების მეკარე სერხიო რომეროს შეხვდი. მახსოვს, მაშინვე ვკითხე: "რამდენ ჯარიმას გაგიტან 25 მეტრიდან? ორს? ძალიან გაგიმართლებს, ორ დარტყმას თუ აიღებ." რვა გავუტანე. რომერო თავზარდაცემული იყო, შენ ჯარიმებს მესიზე უკეთ ასრულებო. "რა მესი?! ხომ არ გაგიჟდი - წადი და იუთუბზე ნახე ჩემი ჯარიმები." - მესი გენიოსია, ქედს ვიხრი მის წინაშე, მაგრამ ძვირფასო ლეო, ჯარიმებს შენზე უკეთ ვურტყამ.

დაცვის ცენტრში ჩემთვის იდეალური მეწყვილე ლაციოში ფერნანდო კოუტუ იყო. პირველივე წუთიდან ვირჩევდით მსხვერპლს და მერე იწყებოდა: "რა იყო, ბიჭო, მიწვევ?!" როგორც წესი, მეტოქე ბოდიშობდა. მართლაც, სინამდვილეში არაფერი დაუშავებია. მაგრამ უკვე გვიან იყო: "შენი ბოდიში უკან გაიკეთე. ფერნანდო, მიხედე რა ამ იდიოტს" ან პირიქით - "სინიშა, ასწავლე რა ჭკუა ერთი ამას."

თამაშის ხისტი სტილის და ფეთქებადი ხასიათის გამო მიხაილოვიჩს არაერთი წითელი ბარათი აქვს მიღებული

ჩვენ ფეარ პლეის ჯილდო ნამდვილად არ გვჭირდებოდა. უსიამოვნო ხალხი ვართ?! რა თქმა უნდა. საზიზღრად ვიქცევით?! გარანტირებულად. მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და ეს თამაშის ნაწილია. გუნდში ასეთი ხალხი უნდა გყავდეს. მოედანზე როცა გავდიოდი, ყოველთვის მჭირდებოდა მტერი.

ბრძოლა კიბოსთან

გავიღვიძე და ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი. ფეხი მტკიოდა, ბარძაყი. რა უბედურებაა?! გაჭიმულობაა? გუშინ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, მაგრამ რამე რომ გამეჭიმა, უფრო ადრე ვიგრძნობდი. ბევრი გაჭიმულობა მქონია და ვიცი, რასაც ვამბობ. ნერვის ანთება? კარგი, მაშინ გაივლის. სიარულის დროს ტკივილი მხოლოდ ძლიერდებოდა, თითქოს ზურგში ტყვია მხვდებოდა. ამ დროს სარდინიაზე ვისვენებდით, მთელ ოჯახთან ერთად. ჩემთან ერთად ჩემი ძმა, დრაჟენი იყო. როცა დამინახა, მაშინვე მკითხა: "რატომ დადიხარ მოხუცივით? რა იყო, 90 წლის ხარ?"

მიხაილოვიჩი სამპდორიაში იუვეს ალენ ბოკშიჩის წინააღმდეგ

ვეღარც დავდიოდი, ვეღარც ვჯდებოდი. ბოლონიას ექიმებმა ანტიბიოტიკი გამომიწერეს და ცოტა თითქოს მეშველა. სამი დღის შემდეგ უკვე ტესტებზე და გამოკვლევებზე ვიყავი. "თქვენ ტკივილის ატანა ძალიან კარგად შეგიძლიათ" - მითხრა ექიმმა, - "რასაც ანალიზებიდან ვხედავ, ლოგინში უნდა იწვეთ და ვერ ინძრეოდეთ."

"კი, მაგრამ დილას 11 კილომეტრი ვირბინე, შემდეგ დარბაზში ვვარჯიშობდი" - ასეთი იყო ჩემი პასუხი.

"მთელ სხეულში ანთება გაქვთ, მეგონა საერთოდ, რომ აპარატი გაფუჭდა, ასეთი რამ არასოდეს მინახავს," - ექიმი გაკვირვებას ვერ მალავდა.

შემდეგ იყო უკვე სისხლის და ძვლის ტვინის ანალიზები. როდესაც დიაგნოზი გავიგე, მაშინვე ვიკითხე - გადარჩენის შანსი თუ არის-მეთქი. როგორც კი მითხრეს, რომ ლეიკემიის დამარცხება შეიძლება, მაშინვე ვთქვი: "მე ამას შევძლებ, ძალიან სწრაფად შევძლებ!"

ერთადგილიანი პალატა მომცეს. რომ მცოდნოდა, ეს რას ნიშნავდა, არასოდეს დავთანხმდებოდი. პალატის ზომა სამი-სამზე, ყველაფერი სტერილიზებულია, ჰაერს ფილტრავენ, მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია. საწოლი კედელთან დგას, გარშემო მონიტორები, მარცხნივ პატარა ტუალეტი, მარჯვნივ სკამი და ფეხებთან ტელევიზორი. გავლისთვის მხოლოდ ნახევარი მეტრი მქონდა - ფანჯარამდე რომ მივსულიყავი. ციხეში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უკეთესია. სიცხე მაინც არ გექნება და ჩვეულებრივ ჰაერს მაინც სუნთქავ. დავკარგე გემო და ყნოსვა, დავკარგე წონა.

25 აგვისტოს ჩემი ბოლონია ვერონაში ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ატარებდა. საავადმყოფოში დაწოლამდე გუნდს დავპირდი, რომ მათ პირველივე შეხვედრაზე ვიქნებოდი. თამაშამდე სამი დღით ადრე ექიმები ერთსულოვანნი იყვნენ: "სინიშა, თამაშზე წასვლა არ შეიძლება, ძალიან სარისკოა. ქიმიოთერაპიის შემდეგ შენი ორგანიზმი ძალიან დაუცველია, შეიძლება რაიმე ინფექცია აიკიდო. ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ წინ კიდევ ათასობით მატჩია, დამშვიდდი."

მაგრამ ჩემთვის სხვა მატჩი არ არსებობდა - მხოლოდ ეს. არც მრცხვენოდა, ისე ვტიროდი: "თქვენ არ გესმით. მე ჩემს ფეხბურთელებს დავპირდი! მე მათი მწვრთნელი ვარ. ყველაფერი გავაკეთე, რაც საჭირო იყო. მთელი მკურნალობა გავიარე, ახლა უნდა გამიშვათ!"

‘ექიმები ვერ ხვდებოდნენ, როგორ შეიძლება, რომ საფეხბურთო მატჩი ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყოს.’

ისინი მიყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, როგორ შეიძლება საფეხბურთო მატჩი სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყოს?! ალბათ გიჟი ვეგონე. ჩემს მდგომარეობაში ასე არავინ მოიქცეოდა. არავინ მთხოვდა, რომ ორგანიზმი ასეთი ზეწოლის ქვეშ მომექცია. ტუალეტამდეც კი ვერ მივდიოდი ხეირიანად - ორი მეტრის გავლაც კი პრობლემა იყო. მაგრამ ისინი მე მომკლავდნენ მორალურად, თუკი არ გამიშვებდნენ. მატჩზე წასვლა ჩემთვის საუკეთესო წამალი იქნებოდა.

ბოლოს ექიმები თითქოს დამნებდნენ, მაგრამ პირობა დამიდეს - გამიშვებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ლეიკოციტების რაოდენობა ერთ მიკროლიტრ სისხლში 900-მდე გაიზრდებოდა. 22 აგვისტოს ეს მაჩვენებელი 300-ზე მქონდა, 24-ში, ორი დღის შემდეგ კი - 900. გამიშვეს, სხვა გზა არ ჰქონდათ.

როცა წასვლისთვის ვემზადებოდი, თავზარი დამეცა, რამდენად ნელა ვაკეთებდი ყველაფერს. მხოლოდ ფეხსაცმლის თასმების შეკვრაზე რამდენიმე წუთი დავხარჯე. ხელები მიკანკალებდა. სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი თავი ვერ ვიცანი - გავხდი, მოვხუცდი, აღარც თმები, აღარც კუნთები. სამაგიეროდ, გარეთ გასვლა შემეძლო.

პალატიდან 40 დღის მანძილზე გარეთ ფეხი არ გამედგა. მეორე სართულიდან ლიფტით ჩასვლაზე უარი ვთქვი და ფეხით დავეშვი, სხვების დახმარების გარეშე. სამჯერ მომიწია კიბეზე დასასვენებლად ჩამოჯდომა. საავადმყოფოს კარიდან ავტომობილამდე 10 მეტრი იყო - მისი გავლა ისე გამიჭირდა, რომ სამი მეტრით მეტიც რომ ყოფილიყო, აუცილებლად დავეცემოდი. გარედან ზომბს ვგავდი, მაგრამ შინაგანად ცოცხალზე ცოცხალი ვიყავი. აღარ ვტიროდი, ვიღიმებოდი.

გუნდისთვის ჩემი გამოჩენა სიურპიზი იყო. უფლება მომცეს, რომ რამდენიმე წუთი მოთამაშეებთან ერთად ვყოფილიყავი. სიტყვით მივმართე: "როგორც დაგპირდით, აქ ვარ. ექიმებმა თქვეს, რომ შევიშალე. მე ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი 40 დღე გადავიტანე გამოკეტილმა პატარა ოთახში. თავს როგორ ვგრძნობ, ჩემი გარეგნობის მიხედვით უნდა შეაფასოთ. ისეთი აღარ ვარ, როგორიც გახსოვართ, მაგრამ, სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. ყოველთვის! ყველაფერი გავაკეთე, რომ დღეს თქვენთან ერთად ვყოფილიყავი. იმედი მაქვს, ტყუილად არ მოვედი. თამაშის შემდეგ უკან ვბრუნდები - მხოლოდ რამდენიმე საათით გამომიშვეს. ისე ქენით, რომ საავადმყოფოში მშვიდად დავბრუნდე. ითამაშეთ, როგორც შეგიძლიათ. ბიჭებო, იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ."

სინიშა ქიომიოთერაპიის შემდეგ პირველ თამაშზე

ვერონას პრეზიდენტმა ადგილი ლოჟაში შემომთავაზა, მაგრამ სათადარიგო სკამზე უნდა ვყოფილიყავი. მთელი თამაში მატჩის ნაცვლად ჩემს თავზე ვიყავი კონცენტრირებული, რომ გონება არ დამეკარგა. ცუდად რომ გავმხდარიყავი, თამაშს შეწყვეტდნენ და ახლობლები ძალიან ინერვიულებდნენ. ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. მატჩი 1:1 დასრულდა.

საავადმყოფო ციხე უკვე აღარ მეგონა. ვიცოდი, რომ ყველაფერს შევძლებდი. იმ თამაშზე რომ არ ვყოფილიყავი, ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი. ვგრძნობდი, რომ ძლიერი ვიყავი, ავადმყოფობაზე ძლიერი.

2019 წლის 22 ნოემბერს, ქიმიოთერაპიის სამი კურსის და ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გამომწერეს. საავადმყოფოდან უკანა გზაზე მძღოლს ეკლესიასთან გაჩერება ვთხოვე. დღის პირველი საათია, იქ არავინაა. ვიჯექი ეკლესიაში, ვლოცულობდი და ღმერთთან ვლაპარაკობდი. რაზე ვლაპარაკობდი?! ეს ერთადერთია, რასაც ვერ გეტყვით...

კომენტარები

ბოლო ამბები