Thumbnail

ვეტერანი შოტლანდიელი ჩოგბურთელი ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს წარმატება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეგახსენებთ, რომ მარი მელბურნში პირველად გამოჩნდა 2019 წლის ტურნირის შემდეგ, როდესაც ვარაუდობდნენ, რომ ბარძაყის ტრავმის გამო, მისი კარიერის დასასრული ახლოვდებოდა.

ენდი მარიმ ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე მესამედ დაამარცხა

“ეს საოცარი გრძნობაა. 3-4 ურთულესი წელი გადავიტანე და ყველაფერი გავაკეთე, რათა აქ დავბრუნებულიყავი. ამ კორტზე ბევრჯერ მითამაშია და ატმოსფერო ყოველთვის დიდებული იყო. სწორედ აქ ჩავატარე მატჩი, რომელიც შესაძლოა, ჩემთვის ბოლო ყოფილიყო. ამაღელვებელია, როდესაც ბრუნდები და 5-სეტიან შეხვედრას იგებ. უკეთესს ვერც ვინატრებდი.

ბასილაშვილთან სიდნეიშიც ვითამაშე და მაშინაც დიდი ბრძოლა იყო – სამი საათი და სამი სეტი. ალბათ, ყველამ შეამჩნიეთ, რა სიძლიერით ურტყამს. შესაბამისად, ბევრი სირბილი და ბოლომდე დახარჯვა მომიწია. ცხადია, წინა მოგებამაც თავდაჯერება შემმატა. საბედნიეროდ, დღესაც გამარჯვება მე დამრჩა. იმედი მაქვს, მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ მოვუმატებ. ძალიან მინდა ტურნირზე შორს გავიდე. ტრავმის შემდეგ, დიდი წარმატებისთვის არ მიმიღწევია და ეს, მოტივაციას მმატებს”.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მარისთან კარიერაში მესამედ წააგო და ამჯერადაც, დამღლელი ორთაბრძოლის თავზე. მატჩი თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა და ნიკოლოზი 1:6, 6:3, 4:6, 7:6 (7:5), 4:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს მეტოქის 25-ის წილ 69 ვინერსი ჰქონდა, თუმცა, 99 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა, როდესაც შოტლანდიელს მხოლოდ 46 ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები