Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში დარჩენას კიდევ ხუთი წელიწადი ისურვებდა. ამ თემაზე 36 წლის ფეხბურთელმა ფიფას The Best-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ისაუბრა, სადაც სპეციალური ჯილდო მიიღო.

კრიშტიანომ 2021 წელს ეროვნული გუნდში გატანილი გოლების რაოდენობა 115-მდე გაზარდა და ნაკრებში გატანილი გოლებით უწინდელ რეკორდსმენს, ირანის ნაკრები ექსფორვარდ ალი დაეის (109) უკვე 6 გოლით გადაასწრო.

კრიშტიანომ პორტუგალიის ნაკრების მაისურით 115 გოლი 184 მატჩში გაიტანა

"მალე 37 წლის გავხდები, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ვაგრძელებ მონდომებით მუშაობას და მსურს კიდევ ვითამაშო. იმედი მაქვს, კიდევ 4-5 წელი ვითამაშებ. თუკი საკუთარ სხეულს კარგად მოუვლი, ის ამას დაგიფასებს, როდესაც საჭირო იქნება", - თქვა კრიშტიანომ და აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ არ განელებია ფეხბურთისადმი ლტოლვა და მოტივაცია.

"მსოფლიო რეკორდი 109 გოლი იყო, ხომ? მე ის 6 გოლით გავაუმჯობესე და ამით ძალიან ვამაყობ. ისევ მწყურია თამაში და გოლების გატანა. ფეხბურთს ხუთი წლიდან ვთამაშობ,  მოტივაცია კი აქამდე არ გამნელებია და ასეა ვარჯიშის დროსაც კი", - თქვა პორტუგალიელმა.

კრიშტიანოს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს

კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც ლისაბონის სპორტინგში, მადრიდის რეალსა და ტურინის იუვენტუსში უთამშია, შარშან კი მანჩესტერ იუნაიტედს 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, 5 თებერვალს 37 წელი შეუსრულდება.

ფიფას The Best-ის დაჯილდოების ცერემონია 17 იანვარს გაიმართა. საუკეთესო ფეხბურთელად პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები