Thumbnail

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შოტლანდიელ ვეტერან ენდი მარისთან წარუმატებელი სერია ვერ შეწყვიტა. ნიკას ენდისთან ორივე თამაში წაგებული ჰქონდა, ახლა კი, მასთან რევანშის აღება ავსტრალიის ღია პირველობაზე შეეძლო, თუმცა, მეტწილად აურაცხელი შეცდომების გამო, 1:6, 6:3, 4:6, 7:6 (7:5), 4:6 დამარცხდა.

თამაში თითქმის 4 საათს გაგრძელდა და გამარჯვებულის ვინაობა მე-5 სეტში გაირკვა, რომლის სტარტზეც საქართველოს პირველმა ჩოგანმა სამ გეიმში მხოლოდ 1 გათამაშება მოიგო, მეტოქეს ბრეიკით ჩამორჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. ყველაფერს ხელს ისიც უწყობდა, რომ ამ ჩოგბურთელთა ბოლო მატჩის მსგავსად, შოტლანდიელი ბოლო სეტში ძალიან მაგრად აწოდებდა. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზმა უკუ-ბრეიკი განახორციელა და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა – 4:4. სამწუხაროდ, ეს, მიკას ბოლო წარმატება აღმოჩნდა. მომდევნო 2 გეიმი ბრიტანელს დარჩა და მე-2 რაუნდშიც მაც გააღწია.

ენდი მარიმ ურთულეს ბრძოლაში იმარჯვა

გასულ შეხვედრაში ნიკოლოზმა 13 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს, შესაბამისად, 13 და 1). ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 60% მოიგო, მეორეზე კი – 48%. ბასილაშვილმა 10-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მარიმ კი – 19-დან 9. და ყველაზე მთავარი მაჩვენებლები: ნიკას მეტოქის 25-ის წილ 69 ვინერსი ჰქონდა, თუმცა, ქართველმა 99 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა, როდესაც შოტლანდიელს მხოლოდ 46 ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს 34 წლის ბრიტანელთან აქამდე შარშანდელ უიმბლდონსა და სულ ახლახანს სიდნეის ტურნირებზე ჰქონდა წაგებული და ორივე შემთხვევაში, მარიმ გამოცდილებისა და ნაკლები შეცდომის ხარჯზე იმარჯვა. რაოდენა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ახლაც ყველაფერი იგივენაირად წარიმართა და ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 წრეში იაპონელ ტარო დანიელთან არა - ბასილაშვილი, არამედ მარი ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები