Thumbnail

ზარალი ლუქსემბურგისგან | საქართველო ფიფას ივნისის რეიტინგში დაქვეითდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფამ 7 ივნისს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა
  • ვლადიმირ ვაისის გუნდს ლუქსემბურგთან მარცხი რეიტინგში დაქვეითებად დაუჯდა
  • საქართველოს ნაკრები ამჟამად 96-ე პოზიციაზეა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას განახლებულ, ივნისის რეიტინგში მცირე რეგრესი გაინიცადა და ამჟამად 96-ე ადგილზეა. ვლადიმირ ვაისის გუნდს, ივნისში გამართული ამხანაგური შეხვედრების შედეგად, 10 ბალი დააკლდა (352) და ცხრილში ერთი საფეხურით დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრებმა 1-ელ ივნისს, ავსტრიულ შეკრებაზე მალტას მოუგო (1:0), 5 ივნისს კი სტუმრად ლუქსემბურგთან ამავე ანგარიშით წააგო.

რაც შეეხება უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს მეტოქეებს, წინა თვის რეიტინგის მსგავსად, 117-ე პოზიციაზე რჩება ყაზახეთი (273 ბალი), რომელმაც ივნისში გამართულ ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანს ანგარიშით 3:0 მოუგო.

ივნისში ყველაზე შესამჩნევი პროგრესი ჩვენს ჯგუფში ლატვიას აქვს, რომელიც 10 საფეხურით დაწინაურდა და 230 ბალით 129-ეა. ლატვიელებმა ახლახან გამართულ ბალტიის თასზე ესტონეთს მოუგეს (1:0), ხოლო შემდეგ ლიტვასთან ფრედ (1:1) ითამაშეს და ამხანაგური ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. 

მარცხის მიუხედავად, 2-საფეხურიანი წინსვლა აქვს და 130-ე ადგილზეა ანდორა (229), რომელმაც ივნისში ამხანაგურად კაბო-ვერდეს ნაკრებთან უგოლო მატჩი პენალტების სერიაში დათმო.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ შეხვედრას სტუმრად ყაზახეთთან, 6 სექტემბერს ჩაატარებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას ფიფას რეიტინგის ტოპ-ათეული მცირე ცვლილებით ხვდება. ორი საფეხურით დაქვეითდა ესპანეთის ნაკრები, რომლემაც მერვე პოზიციიდან მეათეზე გადაინაცვლა. მას ადგილი პოლონეთმა გაუცვალა. არც პოლონეთს და არც ესპანეთს მაის-ივნისში არ უთამაშიათ.

უცვლელია რეიტინგის ლიდერი - პირველ პოზიციაზე კვლავაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია რჩება.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული

1. გერმანია - 1558 ქულა
2. ბრაზილია - 1431
3. ბელგია - 1298
4. პორტუგალია - 1274 
5. არგენტინა - 1241 
6. შვეიცარია - 1199 
7. საფრანგეთი - 1198 
8. პოლონეთი - 1183
9. ჩილე - 1135 
10. ესპანეთი - 1126.

კომენტარები

ბოლო ამბები